„უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა“ - ჩეფერინი უეფას პრეზიდენტად 2027 წლამდე რჩება
ალექსანდერ ჩეფერინი უეფას პრეზიდენტის პოსტზე 2027 წლამდე იმუშავებს. დღეს, ლისაბონში გამართულ უეფას 47-ე კონგრესზე, 55 წლის სლოვენიელი ერთხმად აირჩიეს და იგი პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი იყო.
„ეს ჩემთვის უდიდესი პატივია, მაგრამ პირველ რიგში, უდიდესი პასუხისმგებლობაა. ყველაფერს გავაკეთებ, რათა იმედი არ გაგიცრუოთ. ერთად მუშაობა უნდა გავაგრძელოთ და დარწმუნებული ვარ, ასე მოხდება. ფეხბურთი ჩვენს მოსვლამდე არსებობდა და ჩვენი წასვლის შემდეგაც იარსებებს. ჩვენი მოვალეობაა, აქ ყოფნისას, 100 პროცენტით დავიხარჯოთ, რათა ფეხბურთი და ფეხბურთელები დავიცვათ.
გლობალიზაციის შედეგებს შევეჩეხეთ და არ უნდა დაგვავიწყდეს, რისკები და პლუსები, რომლებიც მათ მოგვიტანეს. იყო გამოწვევები და მცდელობა, რომ ახალი მოდელი შეექმნათ, მაგრამ ის იმ მოდელს დაუპირისპირდა, რომელსაც ასე ვუფრთხილდებით და სპორტულ პრინციპზეა დაფუძნებული. ევროპაში კარტელების ადგილი არაა!“- განაცხადა ჩეფერინიმ.
როგორც მიხვდით, ახალ საფეხბურთო მოდელში უეფას პრეზიდენტმა სუპერ ლიგა იგულისხმა, რომლის შემქმნელებიც დანებებას არ აპირებენ და ბოლომდე იბრძოლებენ, რათა თავიანთი პროექტი საფეხბურთო სამყაროში დაამკვიდრონ.