ახალი მსურველი გამოუჩნდა | მამარდას პორტუგალიური გრანდი აკვირდება
„ვალენსიას“ ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის გადაბირებით ევროპული გრანდები ინტერესდებიან. ცნობილი უცხოური გამოცემების ინფორმაციით, „მამარდა“ „ატლეტიკოსა“ და „ტოტენჰემის“ რადარზე იყო და კიდევ ერთი მსურველი გამოუჩნდა.
იტალიელი ჟურნალისტი, ლუკა ბენდონი, რომელიც ჯანლუკა დი მარციოს ოფიციალური ვებგვერდისთვის წერს, იუწყება, რომ „ღამურების“ გოლკიპერს „პორტუ“ აკვირდება. „დრაკონებს“ კონკრეტული ნაბიჯი ჯერ არ გადაუდგამთ, მაგრამ გიორგის გარშემო განვითარებულ მოვლენებს თვალს აქტიურად ადევნებენ.
ცნობისთვის, ესპანურ პრესაში რამდენჯერმე დაიწერა, რომ „ვალენსიას“ ხელმძღვანელობა მამარდაშვილის გაშვების წინააღმდეგი არაა და თვლის, რომ მისი ტრანსფერი კლუბში არსებულ ფინანსურ პრობლემებს მოაგვარებს. „ჩეს“ მიზანია, მის სანაცვლოდ დიდი თანხა მიიღოს და როგორც Todofichajes-ი გვაუწყებს, საუბარი დაახლოებით 30-35 მილიონ ევროზე იქნება.
შეგახსენებთ, რომ 22 წლის ქართველმა მეკარემ ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 27-ვე შეხვედრა სასტარტოში შეუცვლელად ჩაატარა. მის აქტივში 5 მშრალი მატჩია. გარდა ამისა, ესპანეთის თასზე 3-დან ორ შეხვედრაში გოლი არ გაუშვია. ასე რომ, საერთო ჯამში ამ სეზონში 7 მშრალი შეხვედრა დააგროვა, რაც აუტსაიდერი გუნდის მეკარისთვის საკმაოდ კარგი შედეგია.