ქეცბაიას საკლუბო ფეხბურთში დაბრუნება შესთავაზეს - პასუხი უარყოფითია
კვიპროსული 24 Sport-ის ინფორმაციით, კვიპროსის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, თემურ ქეცბაიას კვიპროსული „პაფოსის“ გაწვრთნა შესთავაზეს. „ომონიასთან“ მარცხის შემდეგ ნორვეგიელმა სპეციალისტმა ჰენინგ ბერგმა „პაფოსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა, კლუბი მის შემცვლელად თემურ ქეცბაიას განიხილავდა, თუმცა ქართველისგან უარყოფითი პასუხი მიიღო.
2022 წლის ზაფხულიდან ქეცბაია კვიპორისის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელია, მისი ხელმძღვანელობით კვიპროსის ნაკრებმა 6-დან 2 შეხვედრა მოიგო, სამ შეხვედრაში დამარცხდა, ერთხელ ფრედ ითამაშა. ევრო 2024-ის შესარჩევ ციკლში ერთი მატჩი ჩაატარა, სტუმრად შოტლანდიასთან დამარცხდა (3:0).
„პაფოსი“ კვიპროსის ჩემპიონატს ლიდერობდა, თუმცა ბოლო ექვს მატჩში გამარჯვება არ მოუპოვებია, რაც ბერგის წასვლის მიზეზი გახდა. ამ ეტაპზე „პაფოსი“ 52 ქულით მე-4 ადგილზეა, ლიდერ აპოელ-ს 9 ქულით ჩამორჩება და ჩემპიონობის შანსი მკვეთრად შემცირებულია.
„პაფოსთან“ კონტრაქტი თბილისის „დინამოს“ ყოფილ მცველს, ლევან ხარაბაძეს აკავშირებს, თუმცა მისი კარიერა კვიპროსულ კლუბში არ აეწყო, მიმდინარე სეზონში სამატჩო განაცხადში 16-ჯერ მოხვდა, თუმცა საერთო ჯამში მხოლოდ 54 წუთი ითამაშა.