შენგელიას პირველი კომენტარი | რა თქვა მაკაბისთან მომხდარ ინციდენტზე
საქართველოს ნაკრებისა და „ვირტუს ბოლონიას“ კალათბურთელმა, თორნიკე შენგელიამ ისრაელში მომხდარი ინციდენტის შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა. თოკომ „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე „სთორი“ გამოაქვეყნა და გულშემატკივრებს, რომლებმაც მხარდაჭერა გამოუცხადეს, მადლობა გადაუხადა.
„ისრაელში თამაში ყოველთვის სასიამოვნო იყო. იქნებოდა ეს საკლუბო შეხვედრა თუ FIBA-ს ეგიდით გამართული სანაკრებო მატჩი. ებრაელი ქომაგებისგან ყოველთვის თბილ დახვედრასა და მხარდაჭერას ვიღებდი და ამის გამო, მათი მადლიერი ვარ. მაკაბის და კლუბის გულშემატკივრები პატივს ყოველთვის მცემდნენ და გუშინდელი ამას ვერ შეცვლის. უმცირესობა უმრავლესობის პოზიციას ვერ განსაზღვრავს. მადლობას ვუხდი ქომაგებს, რომლებმაც თანადგომა გამომიცხადეს“.
შეგახსენებთ, რომ „მაკაბისთან“ გამართული მატჩისას, ტრიბუნებზე მყოფი ადამიანები შენგელიას შეურაცხყოფას აყენებდნენ და უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებდნენ. ამან ქართველი კალათბურთელი გააბრაზა, გულშემატკივრებს დაუპირისპირდა და ტრიბუნებზე ასვლა სცადა, მაგრამ თანაგუნდელებმა შეაკავეს.
ცნობისთვის, შეხვედრა „მაკაბის“ გამარჯვებით დასრულდა - 111:80. სასტარტო ხუთეულში მოთამაშე შენგელიასთვის ცუდი მატჩი იყო და 5 ქულა 2 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. იტალიური კლუბის მხრიდან საუკეთესო სემი ოჯელეი იყო, რომელმაც არასრულ 24 წუთში 16 ქულა, 3 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.