სიტიში გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო | როგორ დაიყოლია ჟოზემ ალექსის სანჩესი
„ბარსელონას“, „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „არსენალის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ალექსის სანჩესმა „ოლდ ტრაფორდზე“ გადასვლის ისტორია გაიხსენა. სანჩესის თქმით, იგი პეპ გუარდიოლას „სიტიში“ თამაშთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ ჟოზე მოურინიომ გადაწყვეტილება შეაცვლევინა.
„სიტიში გადასვლასთან ძალიან ახლოს ვიყავი და გუარდიოლას ყოველდღე ვესაუბრებოდი. ის ჩემთვის მამასავით იყო და დაბადების დღეებს სულ მილოცავდა. ბარსელონაში ყოფნისას, პეპი შვილივით მექცეოდა და სიტიში წასვლის შემდეგაც არაფერი შეცვლილა. გუარდიოლასთან ყოველდღე ვლაპარაკობდი და საქმე იქამდე მივიდა, რომ მხარეებს შორის შეთანხმება შედგა. სიტიში უნდა გადავსულიყავი და იყო ფეხბურთელი, რომელსაც არსენალი იმატებდა. შემდეგ, ვენგერმა მითხრა, რომ იმ ფეხბურთელმა არსენალში გადასვლა არ მოისურვა და სხვა ვარიანტი არ ჰქონდათ.
მოულოდნელად, მოურინიომ დამირეკა და მითხრა: „ალექსის, აქ 7-ნომრიანი მაისური თავისუფალია. ჩემპიონთა ლიგაზე ვთამაშობთ და ყველაფერს მოგცემთ“. ოლდ ტრაფორდზე გადასვლა მომინდა, მაგრამ გუარდიოლას სიტყვა ჰქონდა მოცემული, რის შემდეგაც ჩემს თავს ვუთხარი: „7-ნომრიანი მაისურით კანტონას, ბექჰემს, რონალდუს უთამაშიათ და ახლა მას ჩილელი ფეხბურთელი მოირგებს“. ეს ჩემი ოცნება იყო და საბოლოოდ, იუნაიტედი სწორედ ამიტომ ავირჩიე. სიმართლე გითხრათ, არაფერს ვნანობ“.
შეგახსენებთ, რომ ალექსისი „მანჩესტერს“ 2018 წელს შეუერთდა და მოგვიანებით, „ინტერში“ გაანათხოვრეს, რომელმაც მისი კონტრაქტის გამოსყიდვა გადაწყვიტა. „ნერაძურიდან“ ჩილელმა „მარსელს“ მიაშურა.