კარგი ამბავი - კიტეიშვილი დაბრუნდა და ტიროლთან ითამაშა
გრაცის „შტურმის“ ქართველი ფეხბურთელი ოთარ კიტეიშვილი ტრავმის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა. ავსტრიის ბუნდესლიგის 22-ე ტურში „ტიროლი“ შინ გრაცის „შტურმთან“ 0:2 დამარცხდა. სტუმართა ქართველი ნახევარმცველი სათადარიგოთა სკამზე იჯდა, თამაშში 77-ე წუთზე ჩაერთო.
მიმდინარე სეზონში ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიის ბუნდესლიგის 10 მატჩში 3 გოლი შეაგდო, 1 საგოლე პასი შეასრულა. ასევე, ევროპა ლიგის 5 მატჩში 1 გოლი „ფეიენორდს“ გაუტანა.
ოთარ კიტეიშვილს „შტურმთან“ კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. დიდი პოტენციალის მქონე ფეხბურთელია, თუმცა სამწუხაროდ, ტრავმების გამო „შტურმი“ ტრამპლინად ჯერ ვერ გამოიყენა.
ავსტრიის ბუნდესლიგაში 22 ტურის შემდეგ „შტურმი“ 48 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ „ზალცბურგს“ 7 ქულით ჩამორჩება.
26 წლის ქართველი ფეხბურთელი ეროვნული ნაკრების უახლოეს მატჩებს გამოტოვებს. 10 თებერვალის შემდეგ პირველად „ტიროლთან“ ითამაშა და სასურველი ფორმისგან შორსაა.
შეგახსენებთ, ვილი სანიოლის გუნდი ამხანაგურ მატჩში მონღოლეთს შეხვდება (25 მარტი), შემდეგ კი ნორვეგიას უმასპინძლებს (28 მარტი). ორივე შეხვედრა ბათუმში გაიმართება.