okdiario: „ჩავიმ კვარაცხელიას ტრანსფერი მოითხოვა“
ცნობილი ესპანური გამოცემა, okdiario „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელის, ჩავის სატრანსფერო გეგმებზე წერს და გვატყობინებს, რომ „ბლაუგრანას“ თავკაცს ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირება სურს. ჩავი თვლის, რომ „კვარას“ ტრანსფერი „ბარსას“ დონეს აამაღლებს და გუნდს ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად ბრძოლაში დიდ დახმარებას გაუწევს.
„ჩავი ერნანდესი უკვე მომდევნო სეზონისთვის ემზადება და მისი პრიორიტეტი მსოფლიო ფეხბურთის სენსაციის, ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირებაა, რომელსაც ბრწყინვალე სეზონი აქვს და ევროპული გრანდების ყურადღება მიიპყრო. ქართველ გარემარბს თავისი კლუბი სერია A-ს ტიტულისკენ მიჰყავს და მისი ტრანსფერის შემთხვევაში, ბარსას ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდა ეყოლება. პრობლემა ისაა, რომ ნაპოლის პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი მისი და ვიქტორ ოსიმენის გაშვებას დიდი თანხის სანაცვლოდაც არ აპირებს.
მიუხედავად ამისა, ჩავის გეგმებში დანებება არ შედის. ის თვლის, რომ კვარაცხელიას შეუძლია, გახდეს ვარსკვლავი, რომელიც ბარსელონას დონეს აამაღლებს და იმ ნიშნულზე აიყვანს, რომელიც გუნდს ჩემპიონთა ლიგის ტიტულისთვის ბრძოლის საშუალებას მისცემს. ჩავის გუნდი ლა ლიგის მოგებასთან ახლოსაა, მაგრამ ესპანელ სპეციალისტს მიაჩნია, რომ შემადგენლობის გაძლიერება მაინც საჭიროა, რათა ბარსამ ევროტიტულებისთვის იბრძოლოს. ჩავის აზრით, საჭირო ბიძგს, რომ ბარსელონამ ჩემპიონთა ლიგაზე გაიბრწყინოს, კვარაცხელია მისცემს. ხვიჩას გასაფორმებლად, ბლაუგრანას რამდენიმე ფეხბურთელის გაშვება მოუწევს. ბუსკეტსის, ხორდი ალბასა და დე იონგის წასვლა ბარსელონას სახელფასო ჭერს გაუთავისუფლებს და საშუალებას მისცემს, სატრანსფერო ბაზარზე იმოქმედოს“.
შეგახსენებთ, რომ ჩავის „ბარსელონამ“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი ვერ გადალახა და ევროპა ლიგაზე აღმოჩნდა, სადაც „მანჩესტერ იუნაიტედთან“ დამარცხდა. „ბლაუგრანა“ ლა ლიგის პირველ ადგილს იკავებს და მეორეადგილოსან „რეალს“ 9 ქულით უსწრებს.