„დე ლაურენტისმა მათ შესანარჩუნებლად უკიდურესი მსხვერპლი უნდა გაიღოს“ - სატრანსფერო ექსპერტი
ცნობილი იტალიელი სატრანსფერო ექსპერტმა, ჩირო ვენერატო Tele A-ს ეთერში ხვიჩა კვარაცხელიას და ვიქტორ ოსიმენის მომავლის შესაძლო განვითარებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ კლუბმა მათი შენარჩუნებისთვის ყველაფერი უნდა გააკეთოს, თუმცა ეს მარტივი არ იქნება.
რას ამბობს ვენერატო:
„ნაპოლი“ აპირებს, რომ კვარაცხელიას ხელფასი 2.5 მილიონ ევრომდე გაუზარდოს და ამ საკითხზე მხარეებს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია. ოსიმენთან დაკავშირებით შედარებით განსხვავებული სიტუაციაა და კლუბი მზად უნდა იყოს, რომ ფეხბურთელის შესანარჩუნებლად უკიდურესი მსხვერპლი გაიღოს.
ახლა ისეთი სურათია შექმნილი, თითქოს ოსიმენს სეზონის ბოლოს გუნდის დატოვება სურს, რათა იასპარეზოს შედარებით მაღალი დონის ჩემპიონატში, ვიდრე სერია A არის. ფეხბურთელს მოსწონს პრემიერ ლიგა, მაგრამ აქვს პსჟ-ში თამაშის სურვილიც. თუმცა, გუნდებისთვის მისი ყიდვა მარტივი არ იქნება, რადგან ნაკლები შანსია, რომ დე ლაურენტისმა ის 150 მილიონ ევროზე ნაკლებად გაყიდოს.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიან მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ მაისურით ყველა ტურნირზე 27 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 12 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა. ვიქტორ ოსიმენის ანგარიშზე კი 26 მატჩში 21 გოლი და 4 საგოლე პასია.