ამერიკელი 8:5 დაამარცხა | ხინჩეგაშვილის პირველი გამარჯვება RAF-ში
ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მეორე ბრძოლა გამართა და პირველად გაიმარჯვა. ქართველმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა, რომელიც დღეს იუბილარია და 35 წლის გახდა, 33 წლის ამერიკელი ჯონი დიჯულიუსი 8:5 დაამარცხა. ქართველის ჰონორარი 200 000 აშშ დოლარს შეადგენს.
მიმდინარე წლის მარტში RAF-ში 19 წლის ამერიკელმა მოჭიდავემ, ბო ბასეტმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილი დაამარცხა. ბასეტი ჯერ კიდევ სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეა. მიუხედავად ამისა, მან გამოცდილ და ტიტულიან მეტოქესთან პირველივე წუთებიდან სრული დომინაცია მოიპოვა, დამაჯერებლად გაიმარჯვა, ხინჩეგაშვილი RAF-ში სადებიუტო შეხვედრაში ანგარიშით 3:13 დამარცხდა, დღეს კი პირველი გამარჯვება მოიპოვა.
ხინჩეგაშვილთან ერთად დღეს RAF-ში მერაბ დვალიშვილი უნდა გამოსულიყო, „მანქანას'' სადებიუტო ბრძოლა უკვე კარგად ნაცნობ მეტოქესთან, ჰენრი სეხუდოსთან უნდა გაემართა, თუმცა შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე სეხუდო ტრავმის გამო ჩაეხსნა. სამწუხაროდ, შეხვედრა, რომელსაც ბევრი გულშემატკივარი ელოდა, გაუქმდა.
Real American Freestyle თავისუფალი ჭიდაობის სტილია, ოღონდ ამერიკული ინტერპრეტაციით, რომელიც ბოლო დროს სოციალურ ქსელებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამერიკაში ჭიდაობას უდიდესი ტრადიცია აქვს, თუმცა მათი სასკოლო სტილი (Folkstyle) განსხვავდება საერთაშორისო თავისუფალი ჭიდაობისგან. როდესაც Real American Freestyle-ზე საუბრობენ, ხშირად გულისხმობენ ამერიკელი მოჭიდავეებისათვის დამახასიათებელ აგრესიულ, ფიზიკურად ძლიერ და დაუღალავ სტილს.
შეგახსენებთ, რომ ხინჩეგაშვილმა 2016 წლის რიოს ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა. მოგვიანებით მან პოლიტიკური კარიერა დაიწყო და 2021-2024 წლებში გორის მუნიციპალიტეტის მერის პოსტს იკავებდა.