სენსაციური მარცხი აუტსაიდერთან | ზურიკოს გუნდმა საქმე ძალიან გაირთულა
საფრანგეთის ლიგა 2-ის 31-ე ტურში აუტსაიდერმა ბასტიამ შინ მეორეადგილოსანი სენტ-ეტიენი 2:0 დაამარცხა. პირველ წუთზე ალექსანდრ ზაუაიმ ბასტია დააწინაურა, 72-ე წუთზე ჟოაკიმ ეიკმაიერმა სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა.
ზურიკო დავითაშვილი კვლავ სასტარტო შემადგენლობაში იყო, პირველ ტაიმში შეტევაში არაფერი გამოუვიდა, მის აქტივში მწვავე პასი, დრიბლინგი ან სახიფათო დარტყმა არ ყოფილა. მეორე ტაიმიდან ზურიკოს თამაშის მხოლოდ ერთი მომენტის გამორჩევა შეიძლება, როცა ბურთი თანაგუნდელთან კარგად გაითამაშა და კარს მცირე მანძილით ააცილა.
ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში დავითაშვილმა 27 მატჩში 13 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი შეასრულა. პლუს, ერთი მატჩი საფრანგეთის თასზე, ნიცას პენალტიდან გაუტანა.
სენტ-ეტიენმა მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა. შესაძლოა, ამ მარცხის გამო ელიტაში პირდაპირ ვერ აღზევდეს და ფლეი-ოფში თამაში მოუწიოს. ტრუა 61 ქულით ლიდერია, სენტ-ეტიენი 57 ქულით მეორე ადგილზეა, ამდენივე ქულაა მესამეადგილოსან ლე მანის აქტივში. მეორე ადგილზე გასვლით ლიგა 1-ში პირდაპირ აღზევდება და თუ მესამე ადგილს დაიკავებს, ფლეი-ოფის ფინალში ითამაშებს. მეოთხეზე და მეხუთეზე გასული გუნდები ფლეი-ოფის ნახევარფინალში მიიღებენ მონაწილეობას.
ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურია დარჩენილი. მომდევნო ტურში, 25 აპრილს სენტ-ეტიენი ლიდერ ტრუას მიიღებს, ხოლო ლე მანი მე-13 ადგილზე მყოფ გრენობლის ესტუმრება.