მაისურაძე ევროპის ჩემპიონია - მესამე ოქრო კონტინენტის პირველობაზე
ლუკა მაისურაძე ევროპის ჩემპიონია. თბილისში მიმდინარე კონტინენტის პირველობის 90 კილოგრამ წონითი კატეგორიის ფინალში 28 წლის ქართველმა ძიუდოისტმა ნემანია მაიდოვი დამატებით დროში ვაზარით დაამარცხა და ლაშა ბექაურის ძლევისთვის სერბს რევანში აუღო. შედეგად ლუკამ კონტინენტის პირველობა 4-წლიანი პაუზის შემდეგ კარიერაში მეორედ მოიგო.
მაისურაძემ ჩემპიონატი ისრაელელი რიმ ფრიდმან ზილბერშტეინის ძლევით დაიწყო, რასაც მერვედფინალში სერბეთის სახელით მოასპარეზე ისლამ სოგენოვის დამარცხება მოჰყვა. მეოთხედფინალში ლუკა ბულგარელ ივაილო ივანოვთან მარცხდებოდა, თუმცა სიტუაციის გამოსწორება და გამარჯვება მაინც შეძლო, ხოლო ფინალის საგზური რუმინელ ალექს ცრეტთან მოგებით მოიპოვა.
დღეს, საქართველოს დელეგაციისთვის კიდევ ერთი მედლის მოტანა ლაშა ბექაურს შეეძლო, რომელიც ტრავმირებული ხელით ასპარეზობდა, თუმცა ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ფრანგ მაქსიმ გაელ ჰამბუსთან დამარცხდა.
ცნობისათვის, ევროპის ჩემპიონატი ხვალ დასრულდება და ჩვენი ქვეყნის სახელით კიდევ ორი ძიუდოისტი ილია სულამანიძე (100 კგ) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ) გამოვლენ.