გრიგალაშვილი და მაისურაძე ფინალში გავიდნენ - ქართული დუელი არ შედგა
თბილისში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის დღევანდელი საშეჯიბრო დღე ქართველებისთვის წარმატებულად მიმდინარეობს. ჩვენი ქვეყნის სახელით დღეს ტატამიზე ხუთი ძიუდოისტი გავიდა და აქედან სამი მათგანი მედლისთვის ბრძოლას განაგრძობს.
როგორც მსოფლიოს, ასევე ევროპის სამგზის ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი კონტინენტის პირველობის ფინალში კიდევ ერთხელ გავიდა და მეოთხე ოქროს მედლის მოპოვებას რუს ტიმურ არბუზოვთან შეხვედრაში შეეცდება. ფინალამდე ტატომ ავსტრიის სახელით მოასპარეზე მაგომედ ბორჩაშვილს, ბერძენ არის ზარაგკასს, ფინელ ეეტუ იჰანამაკისა და აზერბაიჯანელ ზელიმ ტკცაევს აჯობა.
ძალიან დიდი იყო ალბათობა იმისა, რომ 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლაშა ბექაურისა და ლუკა მაისურაძის მონაწილეობით ქართული ფინალი კიდევ ერთხელ გვეხილა, თუმცა სამწუხაროდ ასე არ მოხდა და გადამწყვეტ შეხვედრაში მხოლოდ მაისურაძე იჭიდავებს, რომლის მეტოქეც სერბი ნემანია მაიდოვი იქნება. ბექაური იპონით სწორედ ამ უკანასკნელთან ნახევარფინალში დამარცხდა, იქამდე კი იტალიელ კენი კომი ბედელს, მოლდოველ მიჰაილ ლატისევსა და ბელარუს იაჰორ ვარაპაიეუს მოუგო.
ძალიან დამაჯერებლად გაიმარჯვა მაისურაძემ თითოეულ შეხვედრაში. მან ისრაელელ რიმ ფრიდმან ზილბერშტეინს, სერბ ისლამ სოგენოვს, ბულგარელ ივაილო ივანოვსა და რუმინელ ალექს ცრეტს ისე აჯობა, რომ მოწინააღმდეგეებს შანსი არ დაუტოვა.
ცნობისათვის, დღეს კიდევ ორი ქართველი ძიუდოისტი, ნინო გულბანი და მარიამ ჭანტურია ასპასრეზობდა, რომლებიც ტურნირს ნაადრევად გამოეთიშნენ. ფინალური ბლოკი „თბილისი არენას“ დარბაზში 16:00 საათზე დაიწყება.