„ცხოვრებაში არასდროს დანებდეთ“ | ლაშა შავდათუაშვილის კომენტარი
ლაშა შავდათუაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა. ქართველმა ჯუდოკამ ფინალში მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი ჰიდაიატ ჰეიდაროვი დაამარცხა და გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„მოგესალმებით. უბედნიერესი ვარ, რომ დღეს გავიმარჯვე. ჩემი ოცნება იყო, ჩემს ქვეყანაში მსგავსი რანგის შეჯიბრი ჩატარებულიყო და მე მომეგო. ძალიან დიდი ემოციებით ვარ სავსე. განსხვავებული შეჯიბრია, როდესაც შენს ქვეყანაში, შენს კედლებში ტარდება და შენი გულშემატკივარი და შენი ოჯახის წევრები ესწრებიან.
მეტი ემოციები გაქვს სპორტსმენს და თავიდანვე ვფიქრობდი, რომ დღევანდელ დღეს მომეხერხებინა გამარჯვება. მოგეხსენებათ, გარკვეული პერიოდი ჩავარდნა მქონდა და სასურველ შედეგს ვერ ვაფიქსირებდი, თუმცა ვფიქრობ, ეს პრობლემას არ წარმოადგენს. წაგება სირცხვილი არ არის. მინდა, ეს ყველამ იცოდეს. როდესაც სპორტსმენი აგებს, ეს არ ნიშნავს, რომ მას არ შეუძლია ან აღარ შეუძლია. საკუთარ თავში დარწმუნებული ვიყავი და ვარ.
ყველაზე ბედნიერი ვარ ამ მომენტში. ვიცი, რომ ოდესღაც ეს ყველაფერი დასრულდება და სულით სპორტსმენი აღარ ვიქნები. ამას თავისი დრო აქვს და როდესაც საჭიროდ ჩავთვლი, მაშინ დავასრულებ კარიერას. დღეს ბედნიერი ვარ, რომ არ დავნებდი. გარკვეული პერიოდი ვფიქრობდი, დადგებოდა თუ არა კიდევ ის მომენტი, როდესაც კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდოდი. არ ვარ 20 წლის, მაგრამ 16 წლის ბიჭის მსგავსი სურვილი მაქვს გამარჯვების.
სპორტში და ცხოვრებაში მთავარია, რამდენად გინდა მოგება. დღეს ყველაზე მეტად მინდოდა ოქროს მედალი მომეგო და ძალიან ბედნიერი ვარ. უფალს უდიდესი მადლობა. ვულოცავ ყველა ქართველს, ვულოცავ ეთერის გამარჯვებას. მისმა მოგებამ ძალიან დიდი ემოცია, მუხტი და ძალა მომცა და შევეცადე იგივე გამემეორებინა. დღეს დავამარცხე ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიო ჩემპიონი და ეს პროცესია. მიყვარს ჩემი საქმე, რასაც ვაკეთებ. ცხოვრებაში არასდროს დანებდეთ.“
შეგახსენებთ, რომ ტურნირის მესამე დღეს ტატო გრიგალაშვილი, ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე იასპარეზებენ. საქართველოს დელეგაციის მონაგარი ამ მომენტისთვის 2 ოქრო და 1 ვერცხლის მედალია.