თედო აბჟანდაძე, მერაბ შარიქაძე, ბორჯღალოსნები, ვასილ ლობჟანიძე, ლუკა მატკავა, სანდრო თოდუა, აკაკი ტაბუცაძე
Aa
Aa

საქართველო რაგბი ევროპის ფინალშია - ბორჯღალოსნებმა რუმინეთი 31:7 დაამარცხეს

რაგბი ევროპის გათამაშების ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა ავჭალაში რუმინეთს 31:7 სძლია და ფინალში გავიდა. გარდა ამისა, რუმინეთთან გამარჯვებით საქართველომ ანთიმოზ ივერიელის სახელობის თასი მე-16-ედ მოიგო.

რაგბი ევროპის მეორე ნახევარფინალში პორტუგალიამ ესპანეთი 27:10 დაამარცხა. ფინალში საქართველო პორტუგალიას შეხვდება, მესამე ადგილისთვის მატჩში რუმინეთის მეტოქე ესპანეთი იქნება.

მეორე წუთზე თედო აბჟანდაძემ ჯარიმა ზუსტად შეასრულა და „ბორჯღალოსნები“ დააწინაურა - 3:0. მატჩის პირველი ლელო  მე-10 წუთზე კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ დადო. აღსანიშნავია, ვასილ ლობჟანიძის კარგი თამაში, რომელმაც შეტევა ძალიან კარგად განავითარა. 33-ე წუთზე სანდრო თოდუამ ლელო დადო, რასაც აბჟანდაძის ზუსტი გარდასახვა მოჰყვა, ანგარიში 17:0 გახდა.

მატჩამდე საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური ვებგვერდი წერდა, რომ 3 ქულის აღების შემთხვევაში, ბორჯღალოსნების ისტორიაში საუკეთესო მექულეთა შორის მალხაზ ურჯუკაშვილს (325 ქულა) გაუტოლდებოდა. ამ შეხვედრის პირველ ტაიმში აბჟანდაძე ჯერ გაუთანაბრდა ურჯუკაშვილს, შემდეგ კი ორი ქულით გაასწრო.

პირველი ტაიმის მიმოხილვა

 

მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრების უპირატესობა კიდევ უფრო თვალშისაცემი გახდა, თუმცა 63-ე წუთზე რუმინელმა ალექსანდრუ საპატანამ ლელო დადო, რის შემდეგაც იონელ მელიტენტემ გარდასახვა ზუსტად შეასრულა. ანგარიში 24:7 გახდა. 

მსაჯის მიერ დამატებულ პირველ წუთზე აკაკი ტაბუცაძემ საქართველოს ეროვნული ნაკრების რიგებში 25-ე ლელო დადო და დავით კაჭარავას გაუთანაბრდა. მათზე უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ მამუკა გორგოძეს აქვს (27 ლელო).

ლუკა მატკავამ გარდასახვა ზუსტად შეასრულა და საქართველომ 31:7 მოიგო.

მეორე ტაიმის მიმოხილვა

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ საქართველოს ნაკრების კაპიტანი მერაბ შარიქაძე დასახელდა.

ფოტო: საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები