ჩელსი ოსიმენს უმიზნებს - შეთავაზებასაც ამზადებენ
ვიქტორ ოსიმენი საოცარ სეზონს ატარებს. ნიგერიელ ფორვარდს სერია A-ში უკვე 19 გოლი აქვს გატანილი და ბუნებრივია გრანდები მის მიმართ დიდ ინტერესს იჩენენ.
ოსიმენის შეძენა „მანჩესტერ იუნაიტედს“, რომ სურს ეს უკვე ცნობილია. ამჯერად, Calciomercato „ჩელსის“ ინტერესზე წერს.
წყაროს ცნობით, „არისტოკრატები“ ფორვარდის მიმართ დიდ ინტერესს იჩენენ და შეთავაზებასაც ამზადებენ. „ჩელსის“ ამჟამინდელი მფლობელი ტოდ ბოელი მზადაა ოსიმენს ამჟამინდელი ხელფასი გაუორმაგოს. ვიქტორი „ნაპოლიში“ 4.5 მილიონ ევროს იღებს, ლონდონელები კი 9-ს სთავაზობენ.
ამ დღეებში იტალიურმა პრესამ დაწერა, რომ დე ლაურენტისი თავის ოქროს დუეტს ოსიმენი-კვარაცხელიას მხოლოდ 300 მილიონ ევროდ შეელეოდა. ანუ თითო მათგანის სანაცვლოდ 150 მილიონი ევრო უნდა მიიღოს.
დე ლაურენტისმა თავისი ლიდერების ფასი კარგად იცის და მათ შესაბამის ფასსაც ადებს. კიდევ უფრო მეტის მისაღებად, ნეაპოლელები ორივე მათგანთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებას ცდილობენ.