პირველად ფინიქსის მაისურით - დურანტმა ახალ კლუბში ითამაშა
კევინ დურანტმა „ფინიქს სანსის“ რიგებში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა. „კეიდი“ არიზონელებს ტრეიდებისთვის გამოყოფილი ვადის დასრულებამდე შეუერთდა და „სანსის“ მაისური პირველად „შარლოტ ჰორნეთსის“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში მოირგო, რომელშიც მისმა გუნდმა 105:91 იმარჯვა.
დურანტმა პარკეტზე თითქმის 27 წუთი გაატარა და აქტივში 23 ქულა, 6 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 2 დაფარება ჩაიწერა. კევინმა 15-დან 10 ბურთი ჩააგდო, 2 სამქულიანი გამოიყენა და კარგი შთაბეჭდილება დატოვა. „ფინიქსის“ რიგებში მასზე მეტი ქულა მხოლოდ დევინ ბუკერს ჰქონდა - 37 ქულა, 6 მოხსნა, 7 ასისტი.
„სოლიდური სადებიუტო შეხვედრა იყო. მგონია, რომ ოთხით მეტი ბურთი უნდა ჩამეგდო და რამდენიმე დაკარგვაც მქონდა, რომელთა თავიდან არიდებაც შემეძლო. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ვერ ვიტყვი, რომ საუკეთესო მატჩი მქონდა, მაგრამ ამას მომდევნო შეხვედრისთვის ჩემს სიძლიერედ ვაქცევ. ახალ გარემოში ვიმყოფები და ვფიქრობ, ჩემი თანაგუნდელებისთვის და მწვრთნელებისთვის ყოველდღიურად მაქვს რაღაც დასამტკიცებელი. ვგრძნობ, რომ ჩემზე წნეხია, ყოველდღიურად ვიყო ის, ვინც ვარ და ამას არ გავურბივარ“, - განაცხადა დურანტმა მატჩის შემდეგ.
ცნობისთვის, „ფინიქსს“ 34 მოგება და 29 წაგება აქვს და დასავლეთ კონფერენციის მე-4 პოზიციას იკავებს. „არიზონელების“ მომდევნო გაჩერება „ჩიკაგო ბულსია“, რომელსაც 4 მარტს შეხვდებიან.