NBA: მამუკელაშვილის 11 ქულა და მარცხი - ბითაძის 8 ქულა და გამარჯვება
გამთენიისას NBA-ში მორიგი შეხვედრები გაიმართა. ითამაშა ორივე ქართველმა ლეგიონერმაც. სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო“ სტუმრად „მინესოტას“ დაუპირისპირდა და 107:115 დამარცხდა.
სანდრომ ჯამში 24 წუთი ითამაშა. მისი მონაგარი 11 ქულა, 2 მოხსნა, 1 გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება იყო. მამუმ ოთხი ორქულიანი ჩააგდო და ერთიც სამიანი.
„ტორონტო რეპტორსი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 35 მოგებითა და 27 მარცხით მე-5 პოზიციას იკავებს. კანადელები მომდევნო შეხვედრას 9 მარტს, შინ „დალასთან“ გამართავენ.
გოგა ბითაძის „ორლანდომ“ „დალასს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 115:114 გაიმარჯვა.
გოგას ამჯერად 12 წუთი მიეცა. მან 8 ქულა, 4 მოხსნა და 2 გადაცემა გაიფორმა.
„ორლანდო“ 33 მოგებითა და 28 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას ბითაძის გუნდი 8 მარტს „მინესოტას“ წინააღმდეგ ჩაატარებს.