ბოლო მეოთხედი 33:9 მოიგეს | შენგელიას ბარსას სასწაულამდე ცოტა დააკლდა
ევროლიგის 30-ე ტურში თორნიკე შენგელიას „ბარსელონა“ სტუმრად „ოლიმპია მილანოს“ დაუპირისპირდა. „ბლაუგრანა“ სასწაულის მოხდენასთან ახლოს იყო, მაგრამ დაუჯერებელ „ქამბექამდე“ 3 ქულა დააკლდა.
„ბარსამ“ მატჩი ცუდად დაიწყო და პირველი მეოთხედი 17:24, მეორე პერიოდი კი 17:22 წააგო. მესამე მეოთხედში „ოლიმპია მილანომ“ მეტოქეს 15 ქულით მეტი ჩაუგდო (32:17) და გადამწყვეტი ათწუთეულის წინ 78:51-ს იგებდა.
„ბარსელონამ“ ბოლომდე იბრძოლა და ტომას ზატორანსკის მიერ 4 წამში ჩაგდებული ორი სამქულიანით, საფინალო სირენამდე 4 წამით ადრე, ჩამორჩენა 2 ქულამდე დაიყვანა. „ბლაუგრანამ“ ტაქტიკური ჯარიმა აიღო. შეივონ შილდსმა 2-დან 1 საჯარიმო გამოიყენა და ბურთი შენგელიამ მოხსნა, რომელმაც ტაიმაუტის არქონის გამო საკუთარი ნახევრიდან ისროლა, მაგრამ მისი სამიანი არაზუსტი აღმოჩნდა.
კატალონიელებმა ბოლო მეოთხედი 33:9 მოიგეს, მაგრამ საბოლოოდ მაინც დამარცხდნენ — 84:87.
შენგელიამ პარკეტზე 25 წუთი და 8 წამი გაატარა და 15 ქულა, 7 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება გაიფორმა. თორნიკემ 11-დან 7 ორქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ორი სამქულიანი კი ვერ გამოიყენა. იგი დარიო ბრისუელასთან ერთად „ბარსას“ რიგებში საუკეთესო იყო.
ცნობისთვის, „ბარსელონამ“ ევროლიგის ეგიდით ზედიზედ მესამე შეხვედრა წააგო. „ბლაუგრანას“ 17 გამარჯვება და 13 მარცხი აქვს და სატურნირო ცხრილში მერვე პოზიციას იკავებს.