„ისევე შეიყვარებთ მას, როგორც მე“ - ნგონგეს ინტერვიუ კვარას შესახებ
სირილ ნგონგე, ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილი თანაგუნდელი „ნაპოლიდან“ და მისი ახლო მეგობარი, ქართველი გარემარბის „პსჟ“-ში გატარებული პირველი წლის შესახებ საინტერესო მოსაზრებებს გვიზიარებს. პოზიციიდან გამომდინარე თამაში, ადაპტაცია, ლუის ენრიკეს როლი - ბელგიელი ფეხბურთელი პარიზული კარიერის პირველი 13 თვის კულუარულ ამბებს ჰყვება.
ამ კვირის დასაწყისში, სირილ ნგონჟემ, რომელიც ზამთარში „ნაპოლიდან“ ბარსელონას „ესპანიოლში“ იჯარით გადავიდა, პარიზში მეგობართან ერთად მთელი დღე გაატარა. დრო მოგონებებისთვისაც დარჩა.
„მე და ხვიჩა ექსტროვერტები არ ვართ. როცა „ნაპოლიში“ მივედი (2024 წლის იანვარში), გუნდს რთული პერიოდი ჰქონდა, გარკვეული სტრესი იგრძნობოდა. ჩვენ კი მაშინვე გავუგეთ ერთმანეთს. მას შემდეგ განუყრელები ვართ.
საქართველოზე ყოველდღე მელაპარაკება, მეუბნება, რომ მსოფლიოში საუკეთესო ქვეყანაა (იცინის). მომავალ ზაფხულს იქ ერთი კვირით ვაპირებ წასვლას“.
- ამბობს ნგონგე L’Equipe-სთან ინტერვიუში.
- ხვიჩა კვარაცხელია უკვე ერთი წელია პარიზშია. თქვენი აზრით, ვიხილეთ მისი ნამდვილი პოტენციალი?
„ვფიქრობ, გასულ სეზონში მას დიდი გავლენა ჰქონდა გუნდზე. ადვილი არ არის ახალ ლიგაში, ახალ კლუბსა და გარემოში მისვლა... ბევრი ინატრებდა „პსჟ“-ში ისეთ სადებიუტო წელს, როგორიც მას ჰქონდა, არა? მას ძალიან უყვარს თავისი მწვრთნელი (ლუის ენრიკე), რომელიც ცდილობს, ხვიჩას საუკეთესო თვისებები წარმოაჩინოს. თუმცა კვარაცხელია ახლახან გახდა 25 წლის. მომავალში მისგან გაცილებით მეტს ვნახავთ“.
- როგორ გრძნობს თავს პარიზულ ყოველდღიურობასა და კლუბში?
„ხალხი მას კარგად არ იცნობს, მაგრამ ხვიჩა ნამდვილი „ოჯახის ტიპია“. ის ძალიან არის მიჯაჭვული ოჯახზე და იშვიათად გადის სადმე. ვკითხე, აპირებდა თუ არა პარიზში დიდხანს დარჩენას, მან კი გამიღიმა და მითხრა: „არსად წასვლას არ ვაპირებ“. ხვიჩას მაშინვე ეტყობა, როცა ბედნიერი არ არის. ნეაპოლში გატარებული ბოლო თვეები რთული იყო, აქ კი ვხედავ, რომ ყვავის. ვიცი, რომ ბედნიერია“.

- ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება მის პოზიციასთან დაკავშირებით. გარკვეულ იმედგაცრუებას იწვევს მისი მარჯვენა ფლანგზე ხილვა, სადაც ნაკლებად კომფორტულად ჩანს, მაშინ როცა მარცხნივ შეუძლია ბრწყინვალედ ითამაშოს. თქვენც ასე ფიქრობთ?
„ეს ნორმალური ანალიზია. „მარჯვენა ფეხიან“ მოთამაშეებს უყვართ ფლანგიდან ცენტრში თავისი ძლიერი ფეხით შემოსვლა და პირიქით. მაგრამ თქვენ ხართ კლუბში, სადაც არიან დემბელე, დუე, ბარკოლა, ლი კან-ინი... ალბათ, ყველას თავისი „საპირისპირო“ ფლანგი ურჩევნია. თუმცა არსებობს მწვრთნელი, რომელმაც ბალანსი უნდა იპოვოს. მართალია, ხვიჩა შეიძლება უფრო ეფექტური მარცხნივ იყოს, მაგრამ ეს ის ფასია, რასაც დიდ კლუბში იხდი. აქ მსოფლიო დონის გასახდელია, სადაც ყველამ კომფორტულად უნდა იგრძნოს თავი, მწვრთნელმა კი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს. ხვიჩა ამას პატივს სცემს“.
- კიდევ ერთი სადებატო თემა მისი დარტყმაა...
„(აწყვეტინებს) მას გიჟური დარტყმა აქვს, ამას დანამდვილებით გეუბნებით. ყველაფერი ეხერხება - კუთხურები იქნება თუ საჯარიმოები. სინამდვილეში, მას ყველაფერი აქვს (იცინის). არის სწრაფი, ეხმარება დაცვას, აქვს დარტყმა, დრიბლინგი: თუ ის სრულყოფილი ფეხბურთელი არ არის, მაშინ ვინ არის?“
- რას იტყოდით მის „ინდივიდუალიზმზე“, რასაც ხშირად აკრიტიკებენ?
„მან იცის, როგორ გაიტანოს და როგორ შექმნას საგოლე მომენტები. ასეთ გუნდებში ინდივიდუალიზმის ელემენტი ყოველთვის არსებობს, არა? ყველა დიდ მოთამაშეს აქვს ეს თვისება და ხვიჩაც ერთ-ერთი მათგანია. ხანდახან ვხედავ, როგორ ურტყამს 35 მეტრიდან და მიკვირს, მაგრამ მან იცის, რომ ეს გაამართლებს. მას უდიდესი თავდაჯერება აქვს, თუმცა ეს შრომით მოპოვებული თავდაჯერებაა. ის არის ადამიანი, რომელიც ყოველდღე დაუღალავად მუშაობს ფიზიოთერაპევტებთან, მწვრთნელებთან... ეს რწმენა მერე „ერთი-ერთზე“ თამაშში გადადის, სადაც ეს ყველაზე მეტად გჭირდება. თუმცა, ამას მისთვის პასის გაკეთებაში ხელი არასდროს შეუშლია. ის ისეთი ფეხბურთელია, რომლის ყურებაც სიამოვნებაა. თქვენ მისი შესაძლებლობების მხოლოდ 50% გაქვთ ნანახი. ისევე შეიყვარებთ მას, როგორც მე (იცინის)“.
აქვე გეტყვით, რომ ნგონგეს მსგავსად, დღეს ხვიჩას სათამაშო პოზიციას L’Equipe-იც შეეხო და მთელი სტატია მიუძღვნა პსჟ-ში მიმდინარე მოვლენებს, რომლებიც კვარას შედეგიანობაზე გავლენას ახდენს.