„ჩემს გუნდში ეჭვი ერთი წამითაც არ მეპარება“ - ლუის ენრიკე
ლიგა 1-ის მორიგ ტურში „პარი სენ-ჟერმენი“ საკუთარ მოედანზე „მონაკოსთან“ დამარცხდა (1:3). მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ ფეხბურთელებში თავდაჯერებულობის ნაკლებობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მიუხედავად ყველაფრისა გუნდში ეჭვი ერთი წამითაც არ ეპარება.
ლუის ენრიკე:
„რა დაგვაკლდა დღეს? მატჩს თავიდან უნდა ვუყურო, რომ ამ კითხვაზე პასუხი გაგცეთ. ძალიან ბევრი შეცდომა გვქონდა, რასაც მიჩვეულები არ ვართ - სახეზეა თავდაჯერებულობის ნაკლებობა. „მონაკოს“ პირველი გოლი ვაჩუქეთ - ეს არაა საუკეთესო საშუალება ჩემპიონთა ლიგისთვის მოსამზადებლად, თუმცა ჩემს გუნდში ეჭვი ერთი წამითაც არ მეპარება.
„ჩელსი“? ახლა „მონაკოსთან“ მატჩზე ვისაუბროთ, ხოლო „ჩელსისთან“ დაკავშირებით მატჩისწინა პრესკონფერენციაზე დამისვით კითხვები. თავდაჯერებულობა უნდა დავიბრუნოთ და შეცდომები გამოვასწოროთ. ოპტიმისტურ განწყობას ვინარჩუნებთ“.
ცნობისთვის, 25 ტურის შემდეგ პსჟ 57 ქულით სატურნირო ცხრილის სათავეშია და 4 ქულით უსწრებს „ლანსს“, რომელიც 25-ე ტურის მატჩს კვირას, „მეცის“ წინააღმდეგ გამართავს.
აქვე გეტყვით, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მონაკოსთან 60 წუთი ითამაშა და Sofascore-ისგან 7.0-იანი შეფასება დაიმსახურა.