ტრამპი: მესი პელეზე მაგარია
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, თეთრ სახლში MLS-ის ჩემპიონის, „ინტერ მაიამის“ მიღებისას, ფლორიდელთა არგენტინელი კაპიტანი ლიონელ მესი ლეგენდარულ ბრაზილიელ თავდამსხმელ პელეს შეადარა.
ტრამპის თქმით, ის ამაყობს იმით, რომ გახდა აშშ-ის პირველი პრეზიდენტი, რომელმაც თეთრ სახლში ლიონელ მესის უმასპინძლა.
„ლიონელ, ჩემი ვაჟი შენი ფანია. ის მიგიჩნევს ნამდვილად დიდ ადამიანად. გმადლობ, რომ მოხვედი! ვფიქრობ, გუნდის ყველა ფეხბურთელიდან მესი განსაკუთრებული წნეხის ქვეშ იმყოფებოდა, რადგან მისგან ყოველთვის და ყველგან მხოლოდ გამარჯვებას ელიან. მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ნამდვილი ჩემპიონია და აშშ-ში ტიტული მოიგო. ამბობენ, პელე ფეხბურთში ძალიან მაგარი იყოო. მითხარით, ვინ არის უფრო მაგარი: პელე თუ მესი? მე მიმაჩნია, რომ მესი უფრო მაგარია“, - განაცხადა ტრამპმა.
შეგახსენებთ, რომ მესი „ბარსელონას“ აღზრდილია და ის კლუბში 2004-დან 2021 წლამდე თამაშობდა. არგენტინელმა „ბლაუგრანას“ შემადგენლობაში 778 მატჩი ჩაატარა, 672 გოლი გაიტანა და 303 ასისტი მიითვალა. გარდა ამისა, მესიმ „ბარსასთან“ ერთად, ესპანეთის ჩემპიონატი 10-ჯერ მოიგო, ჩემპიონთა ლიგა კი 4-ჯერ.
გეტყვით ასევე, რომ ლეო MLS-ში 2023 წლიდან თამაშობს.