სექსუალური ძალადობის საქმე | რაფა მირს 10,5-წლიანი პატიმრობა ემუქრება
ესპანეთის პროკურატურა „ელჩეს“ თავდამსხმელის, რაფა მირისთვის 10,5-წლიან პატიმრობას ითხოვს. ამის შესახებ გამოცემა Goal-ი იტყობინება.
საქმე ეხება 2024 წლის სექტემბერში ფეხბურთელის სახლში მომხდარ ინციდენტს, როდესაც, 21 წლის ქალის განცხადებით, რაფა მირმა მასზე სექსუალურად იძალადა. მაშინ პოლიციამ რაფა მირი დააკავა და 2 დღის შემდეგ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
გარდა ამისა, პროკურატურა ითხოვს, რომ ფეხბურთელს დაზარალებულ ქალთან 13 წლის განმავლობაში 500 მეტრით მიახლოება აეკრძალოს. ასევე, საგამოძიებო უწყება მოითხოვს, რომ რაფა მირმა მორალური ზიანის ასანაზღაურებლად ქალს 64 000 ევრო გადაუხადოს.
„გამოძიების ეტაპმა კარგად ჩაიარა, ახლა განაჩენს დაველოდებით. მშვიდად ვარ და მოუთმენლად ველოდები სასამართლოს, სადაც ჩემი უდანაშაულობა დადასტურდება. ფეხბურთზე ვარ კონცენტრირებული და ეს ხმაური ჩემზე გავლენას ვერ მოახდენს“, - ამბობს 28 წლის ფეხბურთელი.
ცნობისთვის, რაფა მირს „ვულვერჰემპტონში“, „ლას პალმასში“, „ნოტინგემში“, „უესკაში“, „სევილიაში“ და „ვალენსიაში“ უთამაშია. მიმდინარე სეზონში ის „ელჩეშია“ განათხოვრებული, სადაც 23 მატჩში 7 გოლი გაიტანა.