„თამაში უნდა, მაგრამ ყველასთვის ადგილი არ მაქვს“ | გრანადას მწვრთნელი გაგნიძეზე
„გრანადას“ მთავარმა მწვრთნელმა, ხოსე როხო მარტინმა, რომელიც პაჩეტას სახელითაა ცნობილი, ლუკა გაგნიძეზე ისაუბრა. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე პაჩეტას ქართველი ფეხბურთელის მდგომარეობაზე დაუსვეს შეკითხვა და მან აღნიშნა, რომ ლუკას თამაში სურს, მაგრამ გუნდში ადგილი ყველასთვის არ გამოიძებნება.
„გაგნიძე ძალიან კარგად ვარჯიშობს, მაგრამ ყველასთვის ადგილი არ მაქვს და უნდა გადავწყვიტო, ვინ ითამაშებს. გაგნიძე მოედანზე გასასვლელად მზად არის და მეუბნება, რომ თამაში სურს — ისევე როგორც მანუ ტრიგეროსს, რომელსაც დიდი დრო არ ეძლევა.
ეს ძალიან კარგია, რადგან როცა გუნდს სჭირდება, ისინი პასუხისმგებლობის ასაღებად მზად არიან. მაქვს ალტერნატივები იმ სამი ნახევარმცველის შესაცვლელად, რომლებიც აქამდე თამაშობდნენ და ვნახოთ, მომავალში რა მოხდება.“
ცნობისთვის, გაგნიძეს ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში მონაწილეობა 10 შეხვედრაში აქვს მიღებული, თუმცა მოედანზე მხოლოდ 129 წუთი გაატარა. მის „გრანადას“ 32 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-17 პოზიციას იკავებს. „გრანადა“ გასავარდნ ზონას მხოლოდ 2 ქულით უსწრებს.