დაბალ ბურთებზე წარმოუდგენლად სწრაფი იყო | ვალენსიას ყოფილი მწვრთნელი მამარდაზე
ესპანურ ტელევიზია À Punt Esports-ში გიორგი მამარდაშვილის შესახებ ისაუბრეს. ედუ ალბაკარი, ვინც 2021-22 წლებში ვალენსიაში ხოსე ბორდალასის ასისტენტი იყო, მამარდაშვილის ვალენსიური კარიერის საინტერესო დეტალები გაიხსენა.
წამყვანი: "როდესაც ის ვალენსიაში იყო... მამარდაშვილზე ვსაუბრობ. თქვენი სამწვრთნელო შტაბი იყო პირველი, ვინც მასზე ფსონი დადო, როდესაც ის სარეზერვო გუნდისთვის აიყვანეს. როგორ დაინახეთ ის? ვარჯიშებზევე მიხვდით, რომ უკვე მზად იყო?"
ედუ ალბაკარი: "წინასასეზონო მომზადებაზე... უკვე პირველ ვარჯიშებზე ჩანდა მისი მოძრაობები. ვამბობდით: 1.97-მეტრიანი კაცი როგორ შეიძლება იყოს ასეთი სწრაფი დაბალ ბურთებზე-მეთქი? რადგან ის მართლაც წარმოუდგენლად სწრაფი იყო და გარდა ამისა, ყველაფერს იგერიებდა. მართალია, დაემთხვა ისიც, რომ ჟაუმემ და სილესენმა ტრავმები მიიღეს, მაგრამ ჩვენ მას ვხედავდით პატარა მოედნებზე თამაშისას და ისეთ ბურთებს იღებდა, რომ მე და პატრი (პატრიციო მორენო) ერთმანეთს გადავხედავდით ხოლმე... გაოცებულები ვიყავით."
წამყვანი: „ეს ბორდალასის დიდი დამსახურებაა. უნდა გქონდეს გამბედაობა, რომ 20 წლის ბიჭს, რომელიც სულ სხვა ქვეყნიდან მოდის, ასეთი ნდობა გამოუცხადო და ძირითადში დააყენო."
2021-25 წლებში გიორგი მამარდაშვილმა ვალენსიაში 134 მატჩი ჩაატარა, 134-დან 39-ში გოლი არ გაუშვა. პირველ ვალენსიურ სეზონში ესპანეთის თასის მოგებასთან ახლოს იყო, თუმცა პენალტების სერიაში ბეტისთან დამარცხდა. 2024 წელს ვალენსიას ლა ლიგის ორ შეხვედრაში, ოსასუნასთან და ჟირონასთან უკაპიტნა.
2021 წლის ზაფხულში ვალენსიამ მამარდაშვილი მილიონ ევროდ შეიძინა და 2024 წლის ზაფხულში ლივერპულში 35 მილიონ ევროდ გაყიდა.