ჯეისონ ტეიტუმი ბრუნდება | არის შანსი დალასთან ითამაშოს
„ბოსტონ სელტიქსის“ სუპერვარსკვლავი, ჯეისონ ტეიტუმი პარკეტს უბრუნდება. ეს ინფორმაცია ცნობილმა ინსაიდერმა, შემს ჩარანიამ გაავრცელა და გვაუწყა, რომ სავარაუდოდ „ჯეითი“ „დალას მავერიქსთან“ 7 მარტს გასამართ შეხვედრაში ითამაშებს.
ტეიტუმმა აქილევსის მყესი გაიწყვიტა და რამდენიმე დღის შემდეგ ოპერაცია ჩაუტარდა. ჯეისონმა ტრავმა 2025 წლის მაისში მიიღო და უმძიმესი დაზიანებიდან 10 თვეზე ნაკლებ დროში პარკეტს უბრუნდება, რაც ძალიან კარგი შედეგია.
ჩარანიას ინფორმაციით, ტეიტუმი თავს კარგად გრძნობს და სჯერა, რომ სარეაბილიტაციო პერიოდი დაასრულა. იგი საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ გუნდს მომდევნო დღეებში შეატყობინებს და თუ „დალასთან“ ვერ ითამაშა, „კლივლენდთან“ ან „სან ანტონიოსთან“ დაბრუნდება.
ცნობისთვის, გასულ სეზონში ტეიტუმი საშუალოდ 26.8 ქულას, 8.7 მოხსნასა და 6 შედეგიან გადაცემას აგროვებდა. მის არყოფნაში „ბოსტონი“ შესანიშნავად გამოიყურება და 41 მოგებითა და 21 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზეა.