კვარას ორი მომენტი ჰქონდა - პსჟ-ის პირველი საშინაო მარცხი ლიგა 1-ში
მიმდინარე სეზონში „პარი სენ-ჟერმენისა“ და „მონაკოს“ გზები მეოთხედ გადაიკვეთა და დედაქალაქელები მეორედ დამარცხდნენ. ლიგა 1-ის 25-ე ტურში პსჟ-მა „თავადებს“ „პარკ დე პრენსზე“ უმასპინძლა და 1:3 წააგო, რაც ლუის ენრიკეს მომზადებული გუნდისთვის მიმდინარე ჩემპიონატში პირველი საშინაო მარცხი იყო. 27-ე წუთზე მაგნის აკილუშემ უორენ ზაირ-ემერის შეცდომით ისარგებლა და სტუმრები დააწინაურა. 55-ე წუთზე, მოედანზე ერთი წუთის შემოსულმა ალექსანდრ გოლოვინმა თანამემამულე მატვეი საფონოვს გაუტანა და სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა. მატჩის დასრულებამდე ცხრამეტი წუთით ადრე, ბრედლი ბარკოლამ თითქოს მასპინძლებს თამაშის გადარჩენის იმედი დაუბრუნა, თუმცა ზუსტად ორ წუთში ფოლარინ ბალოგუნმა სტატუს-კვო აღადგინა და პარიზელთა იმედებს ცივი შხაპი გადაასხა.
ხვიჩა კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაში იყო და ყურადღების ცენტრში სამჯერ აღმოჩნდა. პირველ ტაიმში მან დასარტყმელ პოზიციაზე ნუნო მენდეში გაიყვანა და პორტუგალიელ მცველს სიზუსტემ უმტყუნა. ამ მომენტიდან ზუსტად ხუთ წუთში კვარას თავად შეეძლო გატანა, მაგრამ ტილო კერერმა დაუფარა. მეორე ნახევრის დასაწყისში კი ხვიჩამ ორ მცველს თავბრუ დაახვია, თუმცა დარტყმა აღარ გამოუვიდა და მე-60 წუთზე ის ლუის ენრიკემ უსმან დემბელეთი შეცვალა.
60 წუთის განმავლობაში პსჟ-ის ქართველი შემტევი ბურთს 55-ჯერ შეეხო, საიდანაც 7-ჯერ დაკარგა, პასები კი 98-პროცენტიანი სიზუსტით (43-დან 42) გაანაწილა. კვარას დრიბლინგის სამი მცდელობიდან ორი წარმატებული აღმოჩნდა და ცნობილმა ვებ-გვერდმა Sofascore-მა ათბალიანი სისტემით 7.0 შეფასება დაუწერა.
ცნობისათვის, ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე გამართულ 34 მატჩში 9 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა. 11 მარტს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ შეხვედრაში პსჟ „პარკ დე პრენსზე“ „ჩელსის“ უმასპინძლებს და შეხვედრა თბილისის დროით ღამის თორმეტ საათზე დაიწყება.