„მისი ენერგიული თამაში შესამჩნევი იყო“ - ჯამალ მოსლი ბითაძის დებიუტზე
NBA-ში „ორლანდო მეჯიქი“ შინ „ინდიანა პეისერსთან“ 108:121 დამარცხდა. მასპინძელთა შორის გოგა ბითაძის დებიუტი შედგა, რომელმაც სადებიუტო შეხვედრა ყოფილი კლუბის წინააღმდეგ ჩაატარა. გოგა სასტარტო ხუთეულში არ იმყოფებოდა, თამაშში მეორე მეოთხედში ჩაერთო, საერთო ჯამში 9 წუთი და 24 წამი ითამაშა. მის აქტივში 6 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასია. მან 2-დან 1 ორქულიანი და 1-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, საჯარიმოდან მხოლოდ ერთხელ ისროლა და ეს მცდელობა ზუსტი იყო.
მატჩის შემდეგ „ორლანდო მეჯიქის“ მთავარმა მწვრთნელმა ჯამალ მოსლიმ გოგა ბითაძის შესახებ ისაუბრა.
„ვფიქრობ, გოგამ კარგი მატჩი ჩაატარა. მისი ენერგიული თამაში შესამჩნევი იყო. გარდა ამისა, მის თამაშზე ის ფაქტიც აისახა, რომ ყოფილი გუნდის წინააღმდეგ თამაშობდა, თავის გამოჩენა განსაკუთრებულად სურდა. გოგამ დავალებები კარგად შეასრულა“.
გოგას შესახებ მისმა ყოფილმა მწვრთნელმა, რიკ კარლაილმაც ისაუბრა: „ვფიქრობ, გოგას საქმეები ახალ კლუბში კარგად წავა. მან უკვე აჩვენა აშკარა პროგრესი“.
NBA-ში „ორლანდო მეჯიქის“ ანგარიშზე 25 მოგება და 36 მარცხია. აღმოსავლეთ კონფერენციაში ბითაძის გუნდი მე-13 ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას „ნიუ ორლეანს პელიკანსის“ წინააღმდეგ, 28 თებერვალს გამართავს.