აღშფოთებული არიან - რეალის წარმომადგენლები The Best-ის დაჯილდოებას არ დაესწრებიან
მადრიდის „რეალის“ წარმომადგენლები ფიფას The Best-ის დაჯილდოებას არ დაესწრებიან. ეს ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ, ავტორიტეტულმა ესპანურმა გამოცემამ, Marca-მ გაავრცელა და იმ მიზეზებზეც ისაუბრა, რომელთა გამოც, „სამეფო კლუბმა“ ეს არჩევანი გააკეთა.
„ბლანკოსის“ პროტესტი ვინისიუს ჟუნიორს უკავშირდება. ბრაზილიელი ფეხბურთელი ვერ მოხვდა 26-კაციან სიაში, რომელშიც ფიფას წლის საუკეთესო გუნდის პრეტენდენტები არიან დასახელებული. Marca-ს ცნობით, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ამის გამო, აღშფოთდნენ და რადიკალური ზომების მიღება გადაწყვიტეს.
ფიფა The Best-ის დაჯილდოება დღეს გაიმართება და მას პარიზი უმასპინძლებს. ცერემონიას კარიმ ბენზემა გამოტოვებს, რომელიც წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოზეა ნომინირებული. ფრანგი შემტევის გარდა, არ იქნებიან კარლო ანჩელოტი და ტიბო კურტუა. ეს უკანასკნელი წლის საუკეთესო მეკარის ჯილდოზეა წარდგენილი, ანჩელოტი - წლის საუკეთესო მწვრთნელის.
სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფიფამ ნომინირებულ ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს მოუწოდა, ღონისძიება არ გამოეტოვებინათ, რათა წინასწარ არ გამხდარიყო ცნობილი, რომ ისინი ჯილდოს ვერ იგებენ.