ზლატანი: „კვარა ძალიან ძლიერია, ახლა ნაპოლის დროა“
სერია A-ს 24-ე ტურში, „მილანი“ საკუთარ კედლებში „ატალანტას“ დაუპირისპირდა და 2:0 იმარჯვა. ბერგამოელებთან გამართულ შეხვედრაში, „როსონერის“ ზლატან იბრაჰიმოვიჩი დაუბრუნდა, რომელიც მოედანზე 74-ე წუთზე გამოჩნდა და 280-დღიანი პაუზის შემდეგ, პირველად ითამაშა.
მატჩის შემდეგ, „იბრას“ ბევრი შეკითხვა დაუსვეს და ერთ-ერთი ლუჩანო სპალეტის „ნაპოლის“ შეეხებოდა: „სპალეტი ძლიერი მწვრთნელია. მას სკუდეტო ჯერ არ მოუგია, თუმცა ამ სეზონში ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ ნაპოლი წარმატებას მიაღწევს. კვარაცხელია? ხვიჩა ძალიან ძლიერია, ვიქტორ ოსიმენი კი შესანიშნავი თავდამსხმელია.
არის თუ არა ეს ნაპოლი ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი, ვინც კი მინახავს? პარტენოპეი შესანიშნავად ასპარეზობს და ეს საიდუმლო არავისთვისაა. ახლა ნაპოლის დროა! მარტო კვარა და ოსიმენი კი არა, მთელი გუნდი ბრწყინვალედ თამაშობს. განსხვავებას არა ინდივიდუალური ხარისხი, არამედ კოლექტიური მუშაობა ქმნის“.
შეგახსენებთ, რომ 22 წლის კვარაცხელიამ, რომელიც სერია A-ში სადებიუტო სეზონს ატარებს, იტალიის ჩემპიონატში 20 შეხვედრაში 10 გოლი შეაგდო და 9 საგოლე პასი შეასრულა. გარდა ამისა, ჩემპიონთა ლიგის ექვს შეხვედრაში 2 გოლითა და 4 საგოლე პასით გამოიჩინა თავი. იბრაჰიმოვიჩის „მილანს“ რაც შეეხება, „როსონერის“ 47 ქულა აქვს და „ნაპოლის“ 18 ქულით ჩამორჩება.