უშეცდომო და დამაჯერებელი - მამარდას 3 სეივი და ბარახას პირველი გამარჯვება
ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის, ლა ლიგის 23-ე ტურში „ვალენსიამ“ შინ „სოსიედადი“ 1:0 დაამარცხა. მასპინძლებმა ახალი მთავარი მწვრთნელის, რუბენ ბარახას ხელმძღვანელობით მეორე მატჩი ჩაატარეს და პირველი გამარჯვება მოიპოვეს, რაშიც წვლილი გიორგი მამარდაშვილმაც შეიტანა. „ღამურების“ სასტარტოში საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ დამაჯერებლად ითამაშა, მის ანგარიშზე 3 „სეივია“.
მატჩის ერთადერთი გოლი მე-40 წუთზე გავიდა, „სოსიედადის“ მცველმა იგორ სუბელდიამ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.
22 წლის ქართველმა მეკარემ ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 23 მატჩი ჩაატარა, მის აქტივში ესპანეთის ჩემპიონატში 4 მშრალი მატჩია. ასევე, ესპანეთის თასზე 3 მატჩიდან 2-ში გოლი არ გაუშვია. საერთო ჯამში, ამ სეზონში მის ანგარიშზე 6 მშრალი მატჩია. გარდა ამისა, „ვალენსია“ გოლის არაერთხელ იხსნა და მიმდინარე სეზონში ლა ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ იქცა.
23 ტურში „ვალენსიამ“ 23 ქულა დააგროვა, გასავარდნ ზონას მხოლოდ 1 ქულით უსწრებს, მე-17 ადგილზეა, თუმცა მე-18 საფეხურზე მყოფ „ხეტაფეს“ ერთით ნაკლები შეხვედრა აქვს ჩატარებული.