ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„მისი შეჩერება უჯარიმოდ ძნელია“ - სპალეტიმ ხვიჩაზე ისაუბრა

სერია ა-ს 24-ე ტურში „ემპოლი“ შინ „ნაპოლისთან“ 0:2 დამარცხდა. ცხადია, გამარჯვებულთა სასტარტოში ხვიჩა კვარაცხელიამ ითამაშა და მორიგი გამარჯვების მოპოვებაში დიდი წვლილი შეიტანა, ორივე გოლი მის აქტიურობას მოჰყვა.

მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ლუჩანო სპალეტის ჰკითხეს, რას ფიქრობდა იტალიელ მსაჯებზე ხვიჩა კვარაცხელიასთან მიმართებაში, რადგან ქართველს ხშირად თამაშის წესის დარღვევით აჩერებენ.

ლუჩანო სპალეტი: „კვარას საფეხბურთო დონიდან გამომდინარე მისი შეჩერება უჯარიმოდ ძნელია, ზოგჯერ მის შეჩერებას ასე, თამაშის წესის დარღვევით ცდილობენ. ეს ნორმალურია, ჩვენ ასეთ ძლიერ ფეხბურთელზე ვსაუბრობთ. რაც შეეხება იტალიელ მსაჯებს, ისინი უმაღლესი დონის არიან, შემთხვევით არ ხდება, რომ  ხშირად ევროთასების ფინალს მსაჯობენ“.

22 წლის კვარაცხელიამ, რომელიც სერია A-ში სადებიუტო სეზონს ატარებს, იტალიის ჩემპიონატში 20 შეხვედრაში 10 გოლი შეაგდო და 9 საგოლე პასი შეასრულა. გარდა ამისა, ჩემპიონთა ლიგის ექვს შეხვედრაში 2 გოლითა და 4 საგოლე პასით გამოიჩინა თავი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები