გოგა ბითაძე, ორლანდო მეჯიქი
Aa
Aa

6 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი - ორლანდოში ბითაძის დებიუტი შედგა

NBA-ში „ორლანდო მეჯიქი“ შინ „ინდიანა პეისერსთან“ 108:121 დამარცხდა. მასპინძელთა შორის გოგა ბითაძის დებიუტი შედგა, რომელმაც სადებიუტო შეხვედრა ყოფილი კლუბის წინააღმდეგ ჩაატარა.

გოგა სასტარტო ხუთეულში არ იმყოფებოდა, თამაშში მეორე მეოთხედში ჩაერთო, საერთო ჯამში 9 წუთი და 24 წამი ითამაშა. მის აქტივში 6 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასია. მან 2-დან 1 ორქულიანი და 1-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, საჯარიმოდან მხოლოდ ერთხელ ისროლა და ეს მცდელობა ზუსტი იყო.

აღსანიშნავია, რომ ქართველ კალათბურთელს ბურთი არ დაუკარგავს და მხოლოდ ერთი პერსონალური ფოლი მიიღო.

NBA-ში „ორლანდო მეჯიქის“ ანგარიშზე 25 მოგება და 36 მარცხია. აღმოსავლეთ კონფერენციაში ბითაძის გუნდი მე-13 ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას „ნიუ ორლეანს პელიკანსის“ წინააღმდეგ, 28 თებერვალს გამართავს.

გოგა ბითაძემ „ინდიანა პეისერსი“ მიმდინარე თვეში დატოვა და „ორლანდოს“ კალათბურთელი გახდა. ახალ გუნდში გადასვლისას მედიასთან ვრცლად ისაუბრა:

„არ მახსოვს „ინდიანამ“ ჩემი გაშვება რომელ დღეს გადაწყვიტა, მაგრამ ჩემმა აგენტმა დამირეკა და მითხრა, რომ ჩემით რამდენიმე კლუბი ინტერესდებოდა. არ ვიცოდი, კარიერას სად გავაგრძელებდი და ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. მოხარული ვარ, „ორლანდოსთან“ კონტრაქტი რომ გავაფორმე. მეჯიქი ახალგაზრდა კალათბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია, რომლის პერსონალისა და სამწვრთნელო შტაბის რამდენიმე წევრს ვიცნობ და ვფიქრობ, ეს ძალიან დამეხმარება.

„ორლანდოში“ ბევრი ნიჭიერი კალათბურთელი ასპარეზობს და ყველა პოზიციაზე შეგვიძლია, მაღალი დონის მოთამაშე ვიპოვოთ. მეჯიქი უფრო ასაკოვან და გამოცდილ გუნდებს სერიოზულ კონკურენციას უწევს და იმედი მაქვს, პლეი ინის ტურნირში მოვხვდებით. როგორი იყო პირველი ვარჯიში? ბიჭები ხელგაშლილები დამხვდნენ და ძალიან გახარებული ვარ. როცა ხედავ, რომ ვიღაცას უნდა, მის გუნდში იყო, ბედნიერი ხდები და სწორედ ეს განწყობა მაქვს. ვიცი, რომ თავდაუზოგავად უნდა ვიმუშაო და სწორედ ამას გავაკეთებ. ახლა, ჩემთვის საჭიროა, თანაგუნდელები და მწვრთნელები უკეთ გავიცნო და კომბინაციები შევისწავლო, ამისთვის კი ვარჯიში უმნიშვნელოვანესია.

აქ ბევრ ადამიანს ვიცნობ და ეს ადგილის დამკვიდრებას გამიმარტივებს. ჯერ კიდევ ახალგაზრდა ბიჭი ვარ, რომელსაც თავდაუზოგავად მუშაობა და ვარჯიშისთვის დიდი დროის დათმობა უყვარს. შემიძლია, გუნდს ენერგია და სიმტკიცე შევძინო. ვფიქრობ, სამწამიანში დომინანტი ვარ და მისი დაცვაც კარგად გამომდის. ასევე, მეტოქის დაცვის გაწელვითაც გამოვირჩევი და აქ ჩემი მაქსიმუმი უნდა გავაკეთო. გუნდს გამარჯვებების მოპოვებაში დავეხმარები და ყველაზე მთავარი სწორედ ესა".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
351 ქულა ჩავარდა - კლიპერსისა და საკრამენტოს ისტორიული მატჩი
351 ქულა ჩავარდა - კლიპერსისა და საკრამენტოს ისტორიული მატჩი