„ბრუტალურად ძლიერი დარტყმა აქვს“ - თოფურია Sportskeeda-ს ტოპ 5-შია
ცნობილმა უცხოურმა გამოცემამ, Sportskeeda-მ UFC-ის ის მებრძოლები დაასახელა, რომლებიც ფართო მასებისთვის კარგად არ არიან ცნობილი, მაგრამ საჩემპიონო ქამრის დასაკუთრება შეუძლიათ. Sportskeeda-ს რჩეულთა შორის ერთ-ერთი ილია თოფურიაა და „ელ მატადორი“ ტოპ 5-ში მესამე გახლავთ.
„ილია თოფურიას ბრუტალურად ძლიერი დარტყმა აქვს. იგი ფიზიკურად ძალიან ძლიერია, სოლიდური სიმტკიცით გამოირჩევა და შეუძლია, ბრძოლა ნებისმიერ მომენტში დაასრულოს. იგი დაუმარცხებელია და მსაჯების გადაწყვეტილებამდე საქმე მხოლოდ ერთხელ მიიყვანა.
ყველას, ვინც ელ მატადორთან დარტყმების გაცვლას შეეცდება, ნოკდაუნში აღმოჩენა გარანტირებული აქვს. ძლიერი დარტყმების გარდა, თოფურია შესანიშნავი გრეპლინგით გამოირჩევა და ბრაზილიური ჯიუ-ჯიცუს შავი ქამრის მფლობელია. მისი გრეპლინგი იმდენად მაგარია, რომ ერთ-ერთ საუკეთესო გრეპლერს, ბრაის მიტჩელს არაფრის უფლება არ მისცა. შესაძლებლობების ეს კომბინაცია მას როგორც დგომში, ისე პარტერში სერიოზულ საფრთხედ აქცევს“, - წერს უცხოური გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ „ელ მატადორს“ კარიერაში 13 ბრძოლა აქვს გამართული და მის ანგარიშზე 13 მოგებაა. იგი ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ტოპ 10-ში იმყოფება და მე-9 პოზიციას იკავებს. გეტყვით იმასაც, რომ მის გარდა, მარლონ ვერა, ბელალ მუჰამადი, რაფაელ ფიზიევი და არმან ცარუკიანი გამოარჩიეს.