Aa
Aa

მატჩის წინ: ბაიერნი VS ლევერკუზენი (VIDEO)

დღეს საღამოს, გერმანიის ბუნდესლიგის 2017/2018 წლების სეზონი აიღებს სტარტს.

მიუნხენში, "ალიანს არენაზე" "ბაიერნი" "ლევერკუზენს" უმასპინძლებს.

მატჩის წინ, კარლო ანჩელოტიმ ჟურნალისტთა კითხვებს უპასუხა და გუნდში არსებული ვითარება შეაფასა.

"პირველი ტურის მატჩი ყოველთვის მნიშვნელოვანია. პრესეზონი ჩვენთვის მძიმე გამოდგა, თუმცა ვფიქრობ, რომ გუნდი მზადაა და შევეცდებით ქომაგებს კარგი თამაში ვანახოთ. ვერ გეტყვით, თუ ვინ ითამაშებს ძირითადში. ამას მატჩის წინ გაიგებთ". - განაცხადა ანჩელოტიმ.

წლევანდელ სტრანსფერო ბაზარზე "ბაიერნი" ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო. მიუნხენელთა რიგები ხამეს როდრიგესმა, ნიკლას ზიულემ, სებასტიან რუდიმ და კორენტინ ტოლისომ შეავსეს. სერჟ გნაბრი კი იჯარის წესით "ჰოფენჰაიმში" გაუშვეს.

"რეკორდმაისტერს" დღევანდელ შეხვედრაში ხავი მარტინესი, ხუან ბერნატი, ჯერომ ბოატენგი, მანუელ ნოიერი, ტიაგო ალკანტარა და ხამეს როდრიგესი დააკლდება.

რაც შეეხებათ "ასპირინებს", ჰეიკო ჰერლიხის გუნდი ამ ზაფხულში ერთ-ერთი ყველაზე პასიური იყო. "ლევერკუზენელთა" რიგები ხავიერ ერნანდესმა დატოვა. ჩიჩარიტო "ვესტ ჰემში" გადავიდა. "ლევერკუზენს" სანაცვლოდ არავინ დაუმატებია.

მატჩის წინ "ბაიერის" თავკაცმა მედიასთან ისაუბრა: "ჩვენ დადებითი შედეგისთვის ვიბრძოლებთ. რა თქმა უნდა, მეტოქი უმაღლესი კლასისაა და მათ წინააღმდეგ ჩვენი საუკეთესო თამაშის ჩვენება მოგვიწევს. გუნდი კარგ ფიზიკურ კონდიციებშია. ვთვლი, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ". - განაცხადა ჰერლიხმა.

უნდა აღინიშნოს, რომ "ლევერკუზენმა" "ალიანს არენაზე" ბოლოს 2012 წელს მოიგო. 

გუნდების სავარაუდო შემადგენლობა ასეთია:

ბაიერნი: ულრიხი, ალაბა, ჰუმელსი, ზიულე, კიმიხი, ტოლისო, რუდი, რიბერი, რობენი, მიულერი, ლევანდოვსკი.

ლევერკუზენი: ლენო, ჰენრიხსი, ტაჰი, ბენდერი, ვენდელი, კორი, არანგისი, მეჰმედი, კამპლი, ბელარაბი, ვოლანდი.

მატჩის მთავარი არბიტრი: ტობიას შტილერი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები