შერმადინმა ფინალში იფრინა - ტენერიფე მაინც დამარცხდა
ესპანეთის თასის ფინალში თორნიკე შენგელიას „ტენერიფე“ „უნიკახას“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში, 3 ქულის სხვაობით - 80:83 დამარცხდა.
ქართველი ცენტრი ორივე გუნდის შემადგენლობაში გამორჩეული იყო და რომ არა მარცხი, სავარაუდოდ MVP-ის ტიტულსაც დაისაკუთრებდა. შერმადინმა 32 წუთი ითამაშა და ამ დროის განმავლობაში 20 ქულა, 9 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მოაგროვა.
მისი სარგებლობის კოეფიციენტი 31-ს გაუტოლდა, რაც ორივე გუნდში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.
„ტენერიფე“ მომდევნო შეხვედრას 5 მარტს, სტუმრად „ვალენსიას“ წინააღმდეგ გამართავს, მანამდე კი გიორგი შერმადინი საქართველოს ნაკრებს დაეხმარება. ჩვენს გუნდს 23 და 26 თებერვალს ორი უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის ჯერ სტუმრად ნიდერლანდებთან, შემდეგ კი თბილისი არენაზე ისლანდიასთან. ამ უკანასკნელთან გამარჯვების შემთხვევაში, ქართველი კალათბურთელები ისტორიაში პირველად, მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის უფლებას მოიპოვებენ.