ბარსელონას საქმე - რის სანაცვლოდ გადაიხადა ბლაუგრანამ 4.7 მილიონი
Aa
Aa

ბარსელონას საქმე - რის სანაცვლოდ გადაიხადა ბლაუგრანამ 4.7 მილიონი

ესპანეთში, „ბარსელონას“ გარშემო სერიოზული სკანდალია აგორებული. Cadena SER-ი და AS-ი წერენ, რომ 2016-დან 2018 წლამდე, „ბლაუგრანამ“ კომპანია DASNIL 95-ს 1.4 მილიონი ევრო გადაუხადა. აღნიშნული კომპანია ხოსე მარია ენრიკეს ნეგრეირას მფლობელობაშია, რომელიც იმ პერიოდში ესპანეთის ფეხბურთის სამეფო ფედერაციის სამსაჯო კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი გახლდათ.

დღეს, ესპანურმა გამოცემამ, El Confidencial-მა „ბარსელონას“ საქმის დამატებით დეტალებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ 2016-დან 2018 წლამდე, კომპანიის ბრუნვის 95 პროცენტს „ბლაუგრანასგან“ მიღებული თანხა შეადგენდა. „ეს კომპანია არსებობდა, რადგან კლუბისგან ფული მიეღო“, - წერს El Confidencial.

AS-ის ინფორმაციით, DASNIL 95-სა და კატალონიელებს შორის თანამშრომლობა 2003 წელს დაიწყო და „ბარსამ“ საერთო ჯამში, 4.7 მილიონი ევრო გადაურიცხა. ესპანური გამოცემის მიხედვით, „ბლაუგრანას“ მიზანი მსაჯებისგან „რაიმე სახის სპორტული უპირატესობის“ მიღება იყო.

საინტერესოა, რომ გავრცელებულ ინფორმაციას კლუბის ყოფილი პრეზიდენტი, ხოსეპ მარია ბარტომეუ გამოეხმაურა და განაცხადა: „ასეთი კომპანიები აუცილებელი და გამოსადეგია. არა მარტო ბარსელონასთვის, არამედ სხვა კლუბებისთვის. ისინი მსაჯების თაობაზე მოხსენებებს, როგორც ძირითადი, ისე სათადარიგო გუნდის თავკაცებს აწვდიან. ის, რაც პრესაში დაიწერა, სრული აბსურდია. ბარსელონას მსაჯები არასდროს დახმარებიან! პირიქით, გადაწყვეტილებებს ჩვენ საწინააღმდეგოდ იღებდნენ ხოლმე!“.

რის სანაცვლოდ გადაიხადა ბარსელონამ თანხა

EL Pais-ის ინფორმაციით, ზემოთ ხსენებული კომპანია „ბლაუგრანას“ წერილობითი მოხსენებებითა და ვიდეოებით ამარაგებდა, რომლებშიც მსაჯების შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია და მატჩებისას მათი ქმედებების ანალიზი იყო განთავსებული. ეს ლა ლიგისა და ესპანეთის თასის ყველა შეხვედრის წინ ხდებოდა და ყველა მოხსენება DASNIL 95-ის არქივში ინახება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები