„ასეთი რთული ბრძოლა მჭირდებოდა“ - მახაჩევი VS ვოლკანოვსკი ბრძოლის შემდეგ
UFC მსუბუქ წონაში ჩემპიონმა ისლამ მახაჩევმა UFC 284-ის მთავარ ბრძოლაში ალექს ვოლკანოვსკი არბიტრების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით 48-47, 48-47, 49-46 დაამარცხა და ტიტული შეინარჩუნა.
ბრძოლის შემდეგ კომენტარი ორივე მათგანმა გააკეთა და ერთმანეთის მიმართ საქებარი ფრაზები გაცვალეს:
„ის (ვოლკანოვსკი) ისეთი პატარაა, მაგრამ ისეთი რთული მეტოქეა. მადლობა ალექს, მადლობა. ძალიან კარგი ბრძოლა იყო, მანამდე ბევრი რამ მოხდა, მაგრამ ასეთი რთული ბრძოლა მჭირდებოდა. უნდა მოვუმატო.
მოსწონს, თუ არა ეს ბევრს, მე მსოფლიოში უძლიერესი მებრძოლი ვარ. ჩემი შემდეგი მეტოქე? მინდა, რომ ნამდვილ მეტოქეებს დავუპირისპირდე და არა „ფეიკ" მოწინააღმდეგეს“.
- თქვა მახაჩევმა.
მეტოქე ვოლკანოვსკიმაც შეაქო და მახაჩევს გამარჯვება მიულოცა:
„მახაჩევი აპლოდისმენტებს იმსახურებს. ჩემთვის შანსი არავის მოუცია, თუმცა ის მე საკუთარ თავს მივეცი და გამარჯვების მოლოდინი მქონდა. მეტოქე კარგად გამოიყურებოდა. მეც კარგად მოვემზადე. ზოგიერთ პოზიციაში მეტის გაკეთება მმართებდა. მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც არბიტრებს რაიმეს დააბრალებს. ეს შესანიშნავი ბრძოლა იყო.
მას ჩემი ბრძოლისა და გრეპლინგის მიმართ მახაჩევს მეტი პატივისცემა და დაფასება მართებდა. ასევე მეც მმართებდა მისი დარტყმების პატივისცემა, რადგან მან რამდენიმე კარგი დარტყმა შეასრულა“.