ვოლკანოვსკი VS მახაჩევი - რა თქვეს ჩხუბისწინა პრესკონფერენციაზე
UFC-ის მომდევნო ღონისძიება ავსტრალიაში გაიმართება და მისი მთავარი მოვლენა ისლამ მახაჩევისა და ალექსანდერ ვოლკანოვსკის დაპირისპირება იქნება. ტრადიციულად, ჩხუბამდე რამდენიმე საათით ადრე, პრესკონფერენცია გაიმართა და ამ სტატიაში, მებრძოლების მიერ გაკეთებულ განცხადებებს შემოგთავაზებთ.
ისლამ მახაჩევი
„გამორიცხულია, ვოლკანოვსკიმ დამამარცხოს, რადგან ჩემპიონი ვარ და რაც მთავარია, მსუბუქ წონით დივიზიონში ვჩხუბობთ. ეს სხვა დივიზიონია, აქ სხვა ძალაა და მარტივად გავიმარჯვებ. ალექსი ჯიუ ჯიცუს წარმომადგენლებთან ერთად ემზადებოდა, მაგრამ ოქტაგონზე ჯიუ ჯიცუ არ დახვდება და იხილავს, რა არის MMA-ის ზეწოლა. მისი გრეპლინგის მწვრთნელი პარტერში ვერ აკონტროლებს და ალექსი ფეხზე წამოდგომას ახერხებს, მაგრამ ჩვენი ჩხუბისას ყველაფერი სხვანაირად იქნება. ვოლკანოვსკის პატივს ვცემ. ის Pound for Pound (რეიტინგი წონის გაუთვალისწინებლად) საუკეთესო მებრძოლია, მაგრამ ბევრი ადამიანი ამბობს, რომ ამ წუთისთვის, ნომერ პირველი ისლამია. კვირას, დაგანახებთ, ამას რატომ ამბობენ. ვოლკანოვსკი ყველა კომპონენტში მაგარია, მაგრამ მე განსხვავებული მებრძოლი ვარ და განსხვავებული სტილი მაქვს. მის ყოფილ მეტოქეებს არ ვგავარ. არ ვაპირებ, კორეელი ზომბის მსგავსად, პირველივე წუთზე გავგიჟდე ან ჰოლოუეის მსგავსად, მთელი ბრძოლის განმავლობაში უკან ვდიო. საერთოდ სხვა გეგმები მაქვს“.
ალექსანდერ ვოლკანოვსკი
„ავსტრალიას საუკეთესო გულშემატკივრები ჰყავს. ისინი უდიდეს ენერგიას მაძლევენ და კვირას ორი წონითი დივიზიონის ჩემპიონი ვიქნები. მახაჩევთან ჩხუბი ძალიან მნიშვნელოვანია. ორი აზრი არაა, რომ ეს ჩემთვის სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს, რადგან მაღალ წონით დივიზიონში ავდივარ. დიახ, აუტსაიდერი ვარ, მაგრამ ყოველთვის ვამტკიცებდი, რომ ჩემი ჩამოწერა არ შეიძლება და კვირასაც იმავეს გავაკეთებ. მე და ჩემმა სამწვრთნელო შტაბმა მახაჩევი შევისწავლეთ და მოსამზადებელი პერიოდისას, ყურადღება პატარა დეტალებზე და კონკრეტულ ასპექტებზე გავამახვილეთ. ორი საუკეთესო მებრძოლი ვჩხუბობთ, კვირას დავამტკიცებ, რომ ნომერ პირველი ვარ და Pound for Pound მეფის წოდებას ვიმსახურებ. ვიცი, წინ რა გამოწვევა მელოდება და 2-ჯერ უფრო მაგარი მებრძოლი ვარ, ვიდრე მასთან მოსამზადებელი კემპის დაწყებამდე ვიყავი. ისლამი სუსტი არსადაა და ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყო“.
ცნობისთვის, ბუკმეიკერთა აზრით, მახაჩევი გამოკვეთილი ფავორიტია და Crystalbet-ზე მის გამარჯვებას 1.22 კოეფიციენტი აქვს, ვოლკანოვსკის რაც შეეხება, მის მოგებას 3.35 აქვს.