OneFootball: “ალისონის ბედი გაირკვა, ეს მამარდაშვილის მომავალზე ახდენს გავლენას“
გიორგი მამარდაშვილის და ალისონ ბეკერის სიტუაციაზე ავტორიტეტული გამოცემა OneFootball წერს.
OneFootball:
„ლივერპულმა“ საბოლოოდ გადაწყვიტა, როგორ მოიქცევა ალისონ ბეკერთან დაკავშირებით მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიელი მეკარის მიმართ „იუვენტუსის“ ინტერესი დადასტურებულია და სულ უფრო იზრდება. აღნიშნულ გადაწყვეტილებას პირდაპირი გავლენა აქვს საქართველოს ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის მომავალზეც.
ალისონი კვლავ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ მიიჩნევა, თუმცა „ლივერპულის“ თამაშების რეგულარულ მაყურებელს ალბათ შეუმჩნეველი არ დარჩენია, რომ მისი თამაშის ერთ-ერთი კომპონენტი უკვე ისეთი აღარ არის, როგორიც ადრე იყო. საუბარია ბურთის განაწილებაზე — მიმდინარე სეზონში მისი პასები ხშირად არაზუსტია.
ეს განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა სამშაბათს, „ვულვზთან“ მატჩში. შეხვედრის დამატებით დროში ალისონმა დაცვის ხაზიდან გაკეთებული საშუალო დისტანციის პასი პირდაპირ მეტოქის ფეხბურთელს ჩააბარა. სწრაფი კომბინაციის შემდეგ ბურთი ანდრეს მიუვიდა, რომელმაც უპრობლემოდ მიაღწია „ლივერპულის“ საჯარიმოს და დარტყმით, რომელიც რიკოშეტით შეიცვალა, ანგარიში შეცვალა.
ეს სეზონში პირველი შემთხვევა არ ყოფილა, როდესაც ალისონის შეცდომამ გულშემატკივართა უკმაყოფილება გამოიწვია და დიდი ალბათობით, არც უკანასკნელი იქნება.
ზაფხულში შეძენილი გიორგი მამარდაშვილი შანსს მოუთმენლად ელოდება, თუმცა მიმდინარე სეზონში მას სათამაშო დროის მიღება, დიდი ალბათობით, არ მოუწევს. ამაზე მიუთითებს ისიც, რომ „ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა ცოტა ხნის წინ „ბრაიტონთან“ ინგლისის თასის მატჩშიც ალისონი დააყენა — მაშინ, როდესაც ეს შეხვედრა როტაციისთვის საკმაოდ ხელსაყრელ შესაძლებლობად მიიჩნეოდა.
გამოცემა TEAMtalk-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მამარდაშვილი სერიოზულად განიხილავს მომდევნო სეზონში იჯარით წასვლის მოთხოვნას. ქართველ მეკარეს „ენფილდზე“ სათამაშო დროის ნაკლებობა სულ უფრო მეტად აღიზიანებს. ამასთან, იტალიურ მედიაში გავრცელებული ცნობების მიხედვით, „იუვენტუსს“ ალისონის დამატება სურს, რადგან კლუბი მას მიკელე დი გრეგორიოს მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულ ვარიანტად მიიჩნევს. ამის ფონზე ბევრს ეგონა, რომ „ლივერპულის“ მეკარის პოზიციაზე ცვლილებები გარდაუვალი იყო.
თუმცა ჟურნალისტ პიტ ო’რურკის ინფორმაციით, „ლივერპული“ ალისონის გაყიდვას სეზონის დასრულების შემდეგ არ გეგმავს. ამასთან, ო’რურკის ინფორმაციით, „იუვენტუსს“ ტრანსფერის ფინანსურად განხორციელება გაუჭირდება — როგორც სატრანსფერო თანხის, ისე ფეხბურთელის ხელფასის კუთხით — თუ კლუბი მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავა. ამჟამად ტურინელები სერია A-ში მეექვსე ადგილზე არიან და მეოთხე პოზიციაზე მყოფ „რომას“ ოთხი ქულით ჩამორჩებიან.
იმ შემთხვევაში, თუ ალისონი „ენფილდზე“ კიდევ ერთი სეზონი დარჩება, მამარდაშვილის მხრიდან იჯარით წასვლის მოთხოვნის ალბათობა კიდევ უფრო გაიზრდება. თუმცა სხვა საკითხია, დაეთანხმება თუ არა „ლივერპული“ ასეთ მოთხოვნას. ამასთან, თუ მომავალ სეზონში ალისონის თამაშის სხვა კომპონენტებიც დაიწყებს დაქვეითებას, არ არის გამორიცხული, რომ მამარდაშვილი ძირითად შემადგენლობაშიც კი აღმოჩნდეს, მაშინაც კი, თუ ბრაზილიელი გუნდში დარჩება.“
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში გიორგი მამარდაშვილმა ლივერპულის შემადგენლობაში 11-ჯერ ითამაშა და კარი მშრალად 3-ჯერ შეინახა. ქართველ მეკარეს ყველაზე მეტი სათამაშო დრო მას შემდეგ მიეცა, რაც ალისონ ბეკერმა ტრავმა მიიღო, თუმცა ბრაზილიელის დაბრუნების შემდეგ, მამარდა კვლავ სათადარიგოთა სკამის მოთამაშედ იქცა.