ანჩელოტის გარემოცვა ბრაზილიასთან შეთანხმებას უარყოფს - ზიდანი მზადაა დაბრუნდეს
Mundo Deportivo-მ ESPN-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაწერა, რომლის მიხედვითაც, „რეალის“ თავკაცი, კარლო ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრებს შეუთანხმდა და 2023 წლის ზაფხულში, „სელესაოს“ ჩაიბარებს. ესპანური გამოცემა იტალიელი სპეციალისტის გარემოცვას დაუკავშირდა და მათი კომენტარი გაავრცელა.
როგორც Mundo Deportivo იტყობინება, ანჩელოტის გარემოცვა ადასტურებს, რომ ბრაზილიიდან ინტერესი არის, თუმცა დასძენს, რომ მხარეებს შორის არაფერი შეთანხმებულა. ანჩელოტი „სამეფო კლუბის“ მთავარი მწვრთნელია და მთელი ყურადღება „ბლანკოსზე“ აქვს გადატანილი.
ესპანურ გამოცემას თუ დავუჯერებთ, უახლოეს საათებში, ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაცია ოფიციალურ განცხადებას გაავრცელებს და ანჩელოტისთან რაიმე სახის შეთანხმებას კატეგორიულად უარყოფს. Mundo Deportivo-ს მიხედვით, ეს ნაბიჯი განპირობებულია იმით, რომ ანჩელოტის „რეალთან“ კონტრაქტი აკავშირებს და ასეთ პირობებში, მხარეებს არ სურთ, რაიმე სახის შეთანხმება გაასაჯაროონ.
სხვათა შორის, ესპანურ პრესაში ანჩელოტის შემცვლელებზეც დაიწერა. კატალონიური Sport-ის ცნობით, „რეალი“ მზადაა, ზინედინ ზიდანს კიდევ ერთი შანსი მისცეს და კლუბში დააბრუნოს. „სანტიაგო ბერნაბეუზე“ მუშაობის დაწყების წინააღმდეგ არც ფრანგია, თუმცა რამდენიმე მოთხოვნა აქვს, რომელთა შორის სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობაა.