მინიმუმ ერთი 20-21 წლის ფეხბურთელი მოედანზე | ფიფა ახალ წესზე მსჯელობს
ფიფა განიხილავს ახალი წესის შემოღების შესაძლებლობას, რომლის მიხედვითაც გუნდებს მოედანზე მინიმუმ ერთი 20-21 წლის ფეხბურთელის ყოლას დაავალდებულებენ. ამის შესახებ გამოცემა AS-ი წერს.
მისი ინფორმაციით, ფიფას ყრილობაზე, რომელიც კანადის ქალაქ ვანკუვერში გაიმართა, ერთხმად დაუჭირეს მხარი გადაწყვეტილებას, დაიწყოს კონსულტაციები ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რათა ჩამოყალიბდეს ასეთი ნორმატიული მოთხოვნა: კლუბი ვალდებული იქნება, მოედანზე ჰყავდეს 20-21 წლის ასაკის მინიმუმ ერთი საკუთარი აკადემიის აღზრდილი.
AS-ის ცნობით, ამ წინადადებაზე ფიფას კონგრესი 2027 წელს იმსჯელებს. ინიციატივის მიზანია კლუბების სტიმულირება, რათა მათ ახალგაზრდა ფეხბურთელებში უფრო მეტი ინვესტიცია ჩადონ.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ასეთი წესი უკვე მოქმედებს გარკვეულ ჩემპიონატებში, თუმცა გლობალურ დონეზე შესაბამისი მოთხოვნის დაკანონება გუნდებს განსხვავებული რეალობის წინაშე დააყენებს.