ფუტსალი | საქართველო 3:1 მოლდოვა
Aa
Aa

ფუტსალი | საქართველო 3:1 მოლდოვა

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა მოლდოვასთან მეორე ამხანაგური მატჩი გამართა. პირველი შეხვედრის მსგავსად, მეორე მატჩიც ავთანდილ ასათიანის გუნდის გამარჯვებით, 3:1 დასრულდა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში, პირველ ტაიმში, გოლები ვახტანგ კეკელიამ და ირაკლი თოდუამ გაიტანეს. შესვენების შემდეგ, სადებიუტო სანაკრებო გოლი საბა ტყეშელაშვილმა მიითვალა. მოლდოვის ნაკრებთან ამხანაგური მატჩები საქართველოს ნაკრებმა ლეგიონერების გარეშე ჩაატარა. ჩვენი გუნდის შემადგენლობაში მხოლოდ საქართველოს ფუტსალის ლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელები იყვნენ.

ავთანდილ ასათიანი (საქართველოს ფუტსალის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): „ძალიან კარგი ტესტ-მატჩები გამოვიდა. მაინტერესებდა საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ბიჭები რა დონეზე ჩაატარებდნენ ასეთ მეტოქესთან თამაშებს. ვფიქრობ, ფეხბურთელებმა ამ დროისთვის მაქსიმუმი გააკეთეს, რისთვისაც მინდა მადლობა გადავუხადო. აშკარად დავინახე, რომ ვცდილობდით ის გაგვეკეთებინა, რაზეც შეკრების დროს ვიმუშავეთ. ეს ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს. ვფიქრობ, რომ მომავალში კიდევ ბევრი ამხანაგური მატჩის ჩატარება შეგვიძლია, რათა ეს ახალგაზრდა ბიჭები ვნახოთ საქმეში“.

საბა ტყეშელაშვილი (საქართველოს ფუტსალის ნაკრების წევრი): „თითოეულ მოთამაშეს, ვინც პროფესიონალურ დონეზე თამაშობს, აქვს ნაკრებში მოხვედრის სურვილი. როდესაც შანსი ახალგაზრდა ფეხბურთელებს ეძლევათ, სხვებისთვის ეს დამატებითი სტიმულია. ეროვნულ გუნდში გარემო პროფესიონალურია და გამოცდილი ფეხბურთელებისგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება“.

მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდის ფარგლებში, ბელგიის წინააღმდეგ, სტუმრად გამართავს. მატჩი 7 მარტს გაიმართება.

მომზადებულია nakrebi.ge-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები