სეზონის ბოლოს შესაძლოა ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრები ჩაიბაროს
ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაცია კარლო ანჩელოტის კანდიდატურას კვლავ აქტიურად განიხილავს.
რამდენიმე თვის წინ, „პაპა კარლოს“ „სელესაოს“ თავკაცად დანიშვნა გამოირიცხა, თუმცა ამჟამად სიტუაცია შეიცვალა. Globo Esporte-ის ცნობით, ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაცია მზადაა ანჩელოტის ზაფხულამდე დაელოდოს.
შუამავლების მეშვეობით CBF-მა შეიტყო, რომ ანჩელოტი ამჟამად მზადყოფნას გამოთქვამს, სეზონის დასრულების შემდეგ ბრაზილიის ნაკრებთან მოლაპარაკებები აწარმოოს.
ბრაზილიელებს აინტერესებთ, რამდენად დათმობს ფლორენტინო პერესი სეზონის ბოლოს ანჩელოტის.
ამრიგად, თუ „სამეფო კლუბმა“ ანჩელოტის გაშვება გადაწყვიტა, დიდი შანსია იტალიელი ბრაზილიის ნაკრებში ვიხილოთ. თუ ასე არ მოხდება, „პენტაკამპეონთა“ ხელმძღვანელობას სათადარიგო ვარიანტებად ჟოზე მოურინიო და ჟორჟე ჟესუსი ჰყავთ.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის კატარის მუნდიალის შემდეგ, ტიტე პოსტიდან დაითხოვეს. მას შემდეგ, ბრაზილიის ნაკრები მთავარი მწვრთნელის გარეშეა.