„რასაც კვარა აკეთებს, უბრალოდ წარმოუდგენელია“ - იტალიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
იტალიის ნაკრების, „ინტერისა“ და „ფიორენტინას“ ყოფილმა ფეხბურთელმა, დანიელე ადანიმ Bobo TV-სთან საუბრისას ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და ის მესის და ნეიმარის დონეს შეადარა.
რას ამბობს ადანი:
ხვიჩა კვარაცხელიას შედეგები უბრალოს სენსაციური და წარმოუდგენელია, ამას მან სწორედ „სპეციასთან“ მატჩის დროს მიაღწია. ნეაპოლელთა ქართველი შემტევი ერთ-ერთია იმ 5 მოთამაშეს შორის, რომელმაც მიმდინარე სეზონში ორმაგ მაჩვენებელს მიაღწია როგორც გოლების, ისე საგოლე გადაცემების მხრივ. ამ შედეგს მხოლოდ მესიმ, ნეიმარმა, კოლო მუანმა და სერჟ გნაბრიმ მიაღწიეს. რასაც ქართველი ფეხბურთელი აკეთებს, ეს ნამდვილად წარმოუდგენელია.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით ყველა ტურნირზე 10 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა. ქართველმა ფეხბურთელმა ბოლოს სერია A-ში, „სპეციას“ წინააღმდეგ ითამაშა და თავი 1-1 გოლითა და საგოლე პასით გამოიჩინა.
ლუჩანო სპალეტის გუნდი მომდევნო შეხვედრას 12 თებერვალს, საკუთარ მოედანზე ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზეს“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩი საქართველოს დროით 23:45 საათზე დაიწყება.
რაც შეეხება დანიელე ადანის, 48 წლის იტალიელს „სკუადრა აძურას“ შემადგენლობაში 2000-2004 წლებში 5 მატჩი აქვს ჩატარებული. სხვადასხვა წლების განმავლობაში ადანი „მოდენას“, „ლაციოს“, „ბრეშას“, „ფიორენტისასა“ და „ინტერის“ ღირსებას იცავდა.