ბუდუ ზივზივაძე, კარლსრუე
Aa
Aa

„აქ ყოფნით ბედნიერი ვარ, კლუბისთვის მაქსიმუმს გავაკეთებ“ - ზივზივაძის ინტერვიუ

საქართველოს ნაკრების ფორვარდი, ბუდუ ზივზივაძე „კარლსრუეში“ დებიუტისთვის აქტიურად ემზადება და პირველ თამაშს დიდი ალბათობით პარასკევს, „გრუიტერ ფიურტის“ წინააღმდეგ გამართავს.

მანამდე ქართველი თავდამსხმელი გერმანულ სააგენტო BNN-ს განვლილ პერიოდსა და ახალ კლუბთან ერთად დასახულ მიზნებზე ესსაუბრა

„ბაგდებურგთან“ გადადებული დებიუტი:

გასულ კვირას ბევრი რამ მოხდა. „კარლსრუეში“ სამედიცინო შემოწმებაზე ორშაბათს ჩავედი და სამშაბათს კონტრაქტი გავაფორმე. გარკვეული საბუთების გამო ოთხშაბათს უნგრეთში დაბრუნება მომიწია, ბუდაპეშტში, გერმანიის საელჩოში ვიზის საბუთების გაკეთება იყო საჭირო. კარლსრუეში ხუთშაბათს დავბრუნდი და ინდივიდუალურად ვივარჯიშე, პარასკევს კი გუნდთან ერთად პირველად ჩავატარე ვარჯიში. გუნდთან ერთად თამაშამდე 3-4 ვარჯიშის გამართვა მსურდა. ამასთან, მარცხენა მხარზე მქონდა დაზიანება, რის გამოც ნოემბერში ოპერაცია გავიკეთე. ჯერჯერობით 100%-ით არ დავბრუნებულვარ, მაგრამ მალე მზად ვიქნები. ერთი სული მაქვს „კარლსრუეში“ პირველ თამაშს როდის ჩავატარებ.

„კარლსრუეში“ გასვლის მიზეზები:

„კარლსრუესთან“ დიდი ხანია რაც კავშირი მაქვს, კლუბებიც ესაუბრებოდნენ ერთმანეთს. გადამწყვეტი მომენტი მხოლოდ ორშაბათს, 8 დღის წინ დადგა. აქ ყოფნით ბედნიერი ვარ. ვიმყოფები კარგ კლუბში, რომელსაც დიდი ისტორია აქვს. ყველაფერს გავაკეთებ გუნდის დასახმარებლად.

ალექსანდრე იაშვილის შესახებ:

ის „კარლსრუეს“ კაპიტანი იყო და ბუნებრივია, კლუბის შესახებ ყველაფერი იცის. რაღაცები ვკითხე. ის, რაც მან მითხრა კარგად ჟღერდა და ამის შემდეგ გადაწყვეტილების მიღება აღარ გამჭირვებია.

„ფეჰერვარის“ დატოვების მიზეზები:

ბოლოს გასული წლის ოქტომბერში ვითამაშე, „უიპეშტის“ წინააღმდეგ. ეს იყო კლუბი, სადაც წინა სეზონში ვთამაშობდი. თამაშის შემდეგ, ერთ-ერთ ყოფილ თანაგუნდელს მაისური გავუცვალე და დაუფიქრებლად ჩავიცვი. ის მატჩი 1:0 წავაგეთ, რის გამოც ცუდ ხასიათზე ვიყავი და პირდაპირ გასახდელში შევედი. ამის შემდეგ კლუბმა და გულშემატკივრებმა პროვოკაციაში დამადანაშაულეს, მაგრამ ასე ნამდვილად არ ყოფილა. მეორე გუნდში გადამიყვანეს, სადაც იანვრის ბოლომდე დავრჩი.

გაცდენილ პერიოდთან გამკლავება:

ეს ძალიან რთული პერიოდი იყო, მაგრამ ასეთი კრიზისიდან ბევრად ძლიერი გამოვედი. ახლა აქ ვარ და მზად ვარ ვიბრძოლო ჩემი კარიერისთვის და მომავლისთვის, ასევე ახალი კლუბის მომავლისთვის.

გერმანიის მეორე ბუნდესლიგის შესახებ:

ვიცი, რომ აქ ბევრი კარგ კლუბს აქვს თავი მოყრილი, მათ შორის არიან ბუნდესლიგის ყოფილი გუნდებიც. მზად ვარ დავამტკიცო, რომ ასეთ დონეზე თამაში შემიძლია, მაქვს მაღალი ხარისხი, თუნდაც ეს ბუნდესლიგის დონე იყოს.

კარიერის საუკეთესო პერიოდი:

ჩემი კარიერის საუკეთესო წელი 2022 იყო. იანვრიდან სექტემბრამდე ბევრი გოლი გავიტანე როგორც „უიპეშტში“, ისე ეროვნულ ნაკრებში.

კონფერენს ლიგაზე, „კიოლნის“ წინააღმდეგ გამარჯვება:

ეს თამაში 2:1 მოვიგეთ. ალბათ, „ფეჰერვარის“ შემადგენლობაში ჩემთვის საუკეთესო მატჩი იყო.

გეგმები „კარლსრუეში“:

KSC ახლა რთულ მდგომარეობაშია. ვნახე „პადერბონისა“ და „მაგდებურგის“ წინააღმდეგ თამაშები... დასანანი ფრე და წაგება იყო, ორივე დამატებით დროში... მაგრამ გუნდის პოტენციალი აშკარად დავინახე. მიმდინარე სეზონში მიზანი ლიგაში დარჩენაა. დარწმუნებული ვარ, რომ ამას შევძლებთ. მინდა, რომ ამაში ჩემი წვლილიც შევიტანო. მომავალი სეზონიდან აქ ყველაფერი ახალი იქნება, სტადიონიც და მიზნებიც. ვფიქრობ, რომ KSC-სთვის სრულიად ახალი ცხოვრება დაივიწყა.

შეგახსენებთ, რომ ბუდუ ზივზივაძე ბოლოს „ფეჰერვარის“ ღირსებას იცავდა და კლუბი ხელმძღვანელობასთან მომხდარი კონფლიქტის გამო მიმდინარე წლის იანვარში დატოვა. 28 წლის ფორვარდმა გერმანიის მეორე ბუნდესლიგის გუნდ „კარლსრუესთან“ კონტრაქტი 2025 წლის ივნისამდე გააფორმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იტალიური მედია: “კვარაცხელია ახალი ჯორჯ ბესტია“
იტალიური მედია: “კვარაცხელია ახალი ჯორჯ ბესტია“