„მეფე გიორგი“ - რას წერს ფრანგული გამოცემა მიქაუტაძეზე
საფრანგეთის რანგით მეორე დივიზიონის, ლიგა 2-ის 22-ე ტურში, გიორგი მიქაუტაძის „მეცმა“ „ამიენს“ სტუმრად 2:0 სძლია. ქართველ ფეხბურთელს გამორჩეული მატჩი ჰქონდა და გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა, რაც ადგილობრივ პრესას უყურადღებოდ არ დაუტოვებია.
მატჩის შემდეგ, ფრანგულმა ტელეარხმა, Moselle TV-იმ სტატია გამოაქვეყნა, რომლის სათაურიც ასეთია: „მეფე გიორგისა და სეზონის აღმოჩენის, ატას წყალობით, მეცი წინსვლას განაგრძობს“.
რას წერს ფრანგული ტელეარხი
„სანახაობრივი სტილის მქონე ამიენმა მეცს აჯობა, მაგრამ ეს არაფრისმომცემი დომინაცია აღმოჩნდა. ლაშლო ბოლონის გუნდმა მეტოქეს აჩვენა, რეალობა როგორია და მიღებული საჩუქრებით იდეალურად ისარგებლა. მეცმა ანგარიში მნიშვნელოვანი და ცივსისხლიანად შესრულებული პენალტით გახსნა, რომელიც გიორგი მიქაუტაძემ მოიპოვა და თავადვე დაარტყა, დანარჩენის ახსნა კი სიტყვებით რთულია, ყველაფერი თავად უნდა გენახათ.
ამიენი საწყისი 30 წუთის განმავლობაში შთამბეჭდავად გამოიყურებოდა, რაც ბრწყინვალე გუნდური მუშაობისა და კარგად დამუშავებული პასების დამსახურება გახლდათ. გაელ კაკუტამ და კომპანიამ თავდადება და გიჟური ენერგია გამოიჩინეს, რათა მეტოქისთვის ზიანი მიეყენებინათ, მაგრამ მეფე მიქაუტაძის მიერ ანგარიშის გახსნის შემდეგ, მათი თამაში ნელ-ნელა გაუფერულდა“.
შეგახსენებთ, რომ „მეცს“ 36 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-4 პოზიციას იკავებს. მიქაუტაძის გუნდი მეორეადგილოსან „სოშოს“ 3 ქულით ჩამორჩება და მომდევნო მატჩი 13 თებერვალს ელის.