ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„შექმნა შედევრი, რომლითაც ხელოვანიც იამაყებდა“ - Daily Mail-ი ხვიჩაზე წერს

ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა, Daily Mail-ი სერია A-ს 21-ე ტურში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. Daily Mail-მა საკუთარ მკითხველს ტრადიციული რუბრიკა შესთავაზა, რომელშიც გასული ტურის 10 რჩეული მოვლენა დაასახელა. ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრებისთვის საინტერესო ისაა, რომ აღნიშნულ სტატიაში ხვიჩა კვარაცხელიაზეცაა საუბარი და ყურადღება „კვარას“ მიღწევაზეა გამახვილებული, რომლითაც იგი ელიტარულ კომპანიას შეუერთდა.

„ნაპოლის გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას სტატისტიკა არა მხოლოდ იტალიური, არამედ ევროპული ფეხბურთის ცნობილი მოთამაშეების შერცხვენას განაგრძობს. სპეციასთან შეხვედრაში, ქართველმა ვარსკვლავმა ანგარიში გახსნა და მიმდინარე სეზონში 10 გოლი და 12 შედეგიანი გადაცემა აქვს გაფორმებული. იგი ერთ-ერთია ევროპაში მოასპარეზე ხუთი ფეხბურთელიდან, რომელთა ანგარიშზეც მინიმუმ 10 გოლი და 10 შედეგიანი გადაცემაა. მის გარდა, იგივე სტატისტიკა ნეიმარს, ლიონელ მესის, რანდალ კოლო მუანისა და სერჟ გნაბრის აქვთ დაფიქსირებული.

სპეციას წინააღმდეგ, ხვიჩამ შექმნა შედევრი, რომლითაც ხელოვანიც იამაყებდა. ნაპოლის მესამე გოლისას, მან ვიქტორ ოსიმენს ასისტი გაუკეთა და მონაწილეობა ნიგერიელის მეორე გოლშიც მიიღო. ლუჩანო სპალეტიმ იგი პენალტების შემსრულებელი გახადა და ქართველმა ფეხბურთელმა პოლონელი მეკარის, ბარტლომიეი დრაგოვსკის კარი აუღებელი დარტყმით აიღო.

სეზონის დასაწყისში, ბევრი ფიქრობდა, რომ კვარა ირვინგ ლოსანოს ან მატეო პოლიტანოს შემცვლელი იქნებოდა, თუმცა დროთა განმავლობაში, იგი სპალეტის გუნდის შეუცვლელ ფეხბურთელად ჩამოყალიბდა, რის წყალობითაც, მისი ღირებულება 100 მილიონ ევრომდე გაიზარდა. არის შანსი, პოლ პოგბას ტრანსფერის შემდეგ, რომელიც იუვენტუსმა 10 წლის წინ დახურა და ფრანგი ფეხბურთელი მანჩესტერიდან გადაიყვანა, ხვიჩას გარიგება იტალიის ჩემპიონატის ყველაზე შთამაგონებელი ტრანსფერი იყოს. კვარაცხელიამ სერია A-ზე გავლენა გუნდში გადმოსვლისთანავე მოახდინა და იტალიაში ძალთა ბალანსის ცვლილებაში დიდი როლი ითამაშა, რომლის შემდეგაც, ნაპოლი იუვენტუსზე, მილანზე და ინტერზე წინ აღმოჩნდა“, - წერს ბრიტანული გამოცემა.

ცნობისთვის, კვარაცხელიამ სერია A-ს მიმდინარე სეზონის 17 მატჩში, 8 გოლი შეაგდო და 9 საგოლე პასი შეასრულა. გარდა ამისა, ჩემპიონთა ლიგის ხუთ შეხვედრაში, 2 გოლითა და 3 საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი. ასე რომ, მიმდინარე სეზონში ორივე ტურნირის გათვალისწინებით, მის აქტივში 10 გოლია. საგოლე პასების რაოდენობით ხვიჩა სერია A-ში საუკეთესოა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იტალიური მედია: “კვარაცხელია ახალი ჯორჯ ბესტია“
იტალიური მედია: “კვარაცხელია ახალი ჯორჯ ბესტია“