შენგელიას 18 ქულა - ვირტუსმა ბრეშას მოუგო
იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში, თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონია“ საკუთარ მოედანზე „ბრეშას“ შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში 6 ქულის სხვაობით, 84:78 დაამარცხა.
ქართველმა კალათბურთელმა შეხვედრა სასტარტო ხუთეულში დაიწყო და მოედანზე 23 წუთი გაატარა. ამ დროის განმავლობაში თოკომ 18 ქულა, 8 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ასევე, ბურთი ორჯერ დაკარგა და 8 პერსონალური ფოლი მიიღო.
საკუთარი გუნდიდან შენგელიას მხოლოდ მარკო ბელინელიმ გაასწრო, რომელმაც 23 ქულას მოუყარა თავი, მარგი ქმედების კოეფიციენტით კი თოკო ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო.
18 ტურის შემდეგ, „ვირტუს ბოლონიას“ 14 მოგებით და 4 მარცხით 28 ქულა აქვს და „ოლიმპია მილანოსთან“ ერთად კვლავ 1-2 ადგილს ინაწილებს. ბოლონიელებს და მილანელებს თანაბარი ქულები აქვთ, თუმცა „ოლიმპია“ ურთიერთშეხვედრებში უპირატესობის გამო პირველ ადგილს იკავებს.
თორნიკე შენგელიას გუნდი მომდევნო შეხვედრას 9 თებერვალს, ევროლიგაზე „ბარსელონას“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩი ბოლონიაში გაიმართება და საქართველოს დროით 23:30 საათზე დაიწყება.