სილვა სეზონის ბოლოს სიტის დატოვებს - პრიორიტეტი ლა ლიგაში თამაშია
ბერნარდუ სილვა მზადაა ზაფხულში „მანჩესტერ სიტი“ დატოვოს.
The Athletic-ის ცნობით, ვითარება იგივე რჩება, რაც ზაფხულის წინა ორ სატრანსფერო ფანჯრისას იყო - ბერნარდუ მზად არის დატოვოს „სიტი“, თუ ევროპიდან კარგ შეთავაზებას მიიღებს. მას ესპანეთში წასვლა ურჩევნია.
გასულ ზაფხულს სილვას მიმართ ინტერესი პსჟ-მ გამოიჩინა, ასევე „ბარსელონამ“ და მადრიდის „ატლეტიკომ“. პორტუგალიელს ლიგა 1-ში გადასვლის სურვილი არ ჰქონდა, ლა ლიგაში კი კარიერის გაგრძელება მის გეგმებში ნამდვილად შედის.
აღსანიშნავია, რომ სილვა „ბარსასთან“ საკმაოდ ახლოს იყო, თუმცა კატალონიელებს ფინანსურად რესურსები არ ეყოთ, რომ გასულ ზაფხულს ტრანსფერი განხორციელებულიყო.
გასულ კვირას გავრცელებული ინფორმაცია დადასტურდა. საუბარი იყო პეპ გუარდიოლასა და „სიტის“ 4 ფეხბურთელს შორის არსებულ არც თუ ისე სახარბიელო ურთიერთობაზე. The Guardian-ი წერდა, რომ გიუნდოგანი, სილვა, უოკერი და კანსელუ პეპთან ძველებურად კომფორტულად ვეღარ ურთიერთობდნენ.
კანსელუმ გუნდი უკვე დატოვა და „ბაიერნს“ შეუერთდა. თითქმის გადაწყვეტილია გიუნდოგანის წასვლაც.
წყაროს ცნობით, „სიტი“ უკვე სილვას შემცვლელის შეძენაზე მუშაობს და მათი ნომერ პირველი სამიზნე „ლესტერელი“ ჯეიმს მედისონია.
შეგახსენებთ, რომ ბერნარდუ „მანჩესტერ სიტიში“ 2017 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში მან კლუბის ყველა ტურნირზე ჩატარებულ 30 მატჩში 2 გოლი და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.