„თოვლის ქვეშ რაღაც იყო“ - ნოიერი ტრავმაზე და გერმანელთა საპროტესტო ჟესტზე
მიუნხენის „ბაიერნის“ მეკარემ, მანუელ ნოიერმა The Athletic-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა და საკუთარ ტრავმაზე, მსოფლიო ჩემპიონატზე განცდილ ფიასკოზე და გერმანიის ნაკრების საპროტესტო ჟესტზე ისაუბრა.
როგორ გრძნობს თავს
„კარგად ვარ, ჩემი ფეხიც კარგადაა. კარიერის განმავლობაში, რამდენიმე ტრავმა მქონია, რომელთა გამოც, გუნდს ვერ ვეხმარებოდი და გარისკვა მომიწია. ამჯერად, ყველაფერი სხვანაირადაა, რადგან ზუსტად ვიცი, რა უნდა გავაკეთო - მკურნალობა, სარეაბილიტაციო პერიოდი, მოედანზე დაბრუნება. ეს ტრავმა რაიმე სახის ზიანს არ დამიტოვებს. თავდაპირველად, შოკში ვიყავი, მაგრამ მძიმე დაზიანებებთან დაკავშირებით, საკმარისი გამოცდილება მაქვს და გარკვეული დროის შემდეგ, ოპტიმისტურად განვეწყე“.
გერმანიის ნაკრების საპროტესტო ჟესტზე
„ჩამოყალიბებული ადამიანები ვართ, პასუხისმგებლობა გაგვაჩნია და ჩვენს ღირებულებებს ვიცავთ. მთელი ცხოვრების განმავლობაში, ეს დამოკიდებულება გვქონდა და მსოფლიო ჩემპიონატზე ისეთი შთაბეჭდილება დაგვრჩა, თითქოს ფიფა ჩვენს გაჩუმებას ცდილობდა. გვინდოდა, ჩვენი ჟესტით განცხადება გაგვეკეთებინა და შემდეგ ყურადღება ფეხბურთზე გადაგვეტანა. ამ ჟესტზე ვიმსჯელეთ და გადაწყვეტილება ერთობლივად მივიღეთ. სულ ეს იყო. არავინ ყოფილა, ვისაც პროტესტის გამოხატვა ვაიძულეთ ან ამისკენ ვუბიძგეთ. არჩევანი ერთად გავაკეთეთ“.
როგორ მიიღო ტრავმა
„თოვლის ქვეშ რაღაც იყო და ამან შემაჩერა. 10-12 კმ/სთ-ით მივდიოდი და ეს არ იყო დაშვება, რომელსაც შნაფსის მიღების შემდეგ ახორციელებ. ეს სავარჯიშო იყო, რათა გონებისა და ორგანიზმის გადატვირთვა მომხდარიყო. ამ გზაზე დაშვება უამრავჯერ განმიხორციელებია და უმეტეს შემთხვევაში, ეს ძალიან მარტივია. რა ვიგრძენი, როცა ფეხი მოვიტეხე? პირველ რიგში, იმედი მქონდა, რომ მძიმე მოტეხილობა არ იყო. ლოცვა არ დამიწყია, მაგრამ საკუთარ თავს ვატყუებდი და ვეუბნებოდი, რომ რთული და მძიმე ტრავმა არ მიმიღია. ვიღაცებს ტკივილთან გამკლავება უჭირთ, მაგრამ ტკივილით უამრავჯერ მითამაშია და გამძლეობა ჩამომიყალიბდა. სწორედ ამიტომ, გონება არ დამიკარგავს და ჩემი მეგობრები გაოცდნენ, როცა გაიგეს, რამდენად მძიმე დაზიანება მივიღე. მეშინოდა თუ არა, რომ კარიერის დასრულება მომიწევდა? არა. როცა გავიგე, რომ ოპერაციის ჩატარება შესაძლებელი იყო, მივხვდი, რომ ყველაფერი კარგად დასრულდებოდა. ოპერაციის შემდეგ, WhatsApp-ის ჯგუფში ფოტო ჩავაგდე და თანაგუნდელებს ბოდიში მოვუხადე. კლუბის ხელმძღვანელებსაც დავურეკე და იგივე გავაკეთე. ლაჩარი არ ვარ და მათ ყველაფერი ავუხსენი“.
გერმანიის ნაკრების ფიასკოზე
„ჯგუფიდან იაპონიასთან გამართული მეორე ნახევრის გამო ვერ გავედით, რომელიც ძალიან ცუდად ჩავატარეთ. ესპანეთთან კარგად ვითამაშეთ, კოსტა რიკასთან - ნორმალურად და საბოლოოდ, ბურთების შეფარდების გამო გამოვვარდით“.
შეგახსენებთ, რომ BILD-ის ცნობით, „ბაიერნში“ არავის აქვს წარმოდგენა, ნოიერი როდის დაბრუნდება და რა დონეზე შეძლებს თამაშს. მიუნხენელები ეჭვობენ, რომ იგი ძველ დონეს ვეღარ დაიბრუნებს და სწორედ ამიტომ, მისი შემცვლელის მოძებნას აპირებენ.